საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასამმაგდა, - ამის შესახებ HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა დაინტერესება ადგილობრივების მხრიდან. კერძოდ, თუ ადრე მათი მომხმარებლების მხოლოდ 1% იყო ადგილობრივი, ახლა ეს რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა.

„წელს ძალიან დიდი ყურადღება ადგილობრივ ბაზარს დავუთმეთ და თითქმის ყველა რეგიონი ავითვისეთ, სადაც საცხენოსნო ტურებია. ჩვენი მომხმარებლების 90% უცხოელები არიან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდან - გერმანიიდან, ინგლისიდან, ასევე, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამჟამად, თვეში 250-მდე მომხმარებელი გვყავს.

ყველაზე მოთხოვნადი არის ტურები, რომლებიც თბილისთანაა ახლოს, რადგან ყველას არ აქვს შესაძლებლობა მრავალდღიან ტურებზე წავიდნენ. საათობრივი და ერთდღიანი ტურები ძალიან აქტუალურია. ასევე, ყაზბეგის, თრუსოს ხეობის და ბორჯომის მიმართულებები“, - აცხადებს ანა ნადირაძე.

HORSETOURS.GE-ის დამფუძნებლის შეფასებით, ქვეყანაში გაიზარდა გიდების მომსახურების ხარისხი, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, საცხენოსნო ტურიზმის კუთხით აღმოსავლეთ საქართველო უფრო განვითარებულია.

რაც შეეხება ფასებს - ანა ნადირაძე აღნიშნავს, რომ ტურების ფასი აღმოსავლეთ საქართველოში უფრო დაბალია.

„საათობრივი ტურები 50-ლარიდან იწყება, ერთდღიანი ტურები გვაქვს 120 ლარიდან, მრავალდღიანი ტურები 650 ლარიდან და ა.შ. ტურის ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე და დღეების რაოდენობაზე“, - აცხადებს ანა ნადირაძე.

ცნობისთვის, პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა. სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

ბიზნესპარტნიორი