„გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის“ დამფუძნებლის, ქეთი კვიჭიძის განცხადებით, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბშიგამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულება განვითარებული არ არის. კვიჭიძემ სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

“რაც შეეხება გასტროტურიზმს – პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე ახალია, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მით უმეტეს. ნელ-ნელა ვსწავლობთ, თუ რა არის გასტროტურიზმი, რომ კვება, კულინარია ჩვენი ერთ-ერთი იდენტობა, კულტურის ნაწილია. სულ რაღაც, ალბათ, 2 წელი არცაა, რაც თავად ტურიზმის დეპარტამენტმა თავის პრიორიტეტებში შეიტანა და ამ თემაზე საუბარი დაიწყო. ჩვენ მანამდე ზუსტად ამისთვის ვიბრძოდით, ვლაპარაკობდით, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი გამხდარიყო, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ისტორიულად როგორც პროდუქციის, ისე თავად კულინარიის მრავალფეროვნება გვაქვს, რადგან ყველა კუთხეს თავისი ნიშა, კერძები აქვს. ბევრ ქვეყანას ამის ფუფუნება არ აქვს. ალბათ, სულ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, რომლებიც გასტრონომიის კუთხით ამაყობენ.

როგორც აღვნიშნე, პოტენციალი, მრავალფეროვნება გვაქვს, მაგრამ ეს განვითარებული არ არის. ერთსა და იმავე პროდუქტში ვტრიალებთ. რომ ავიღოთ ძვირიანი და საშუალო რესტორნები, ფაქტობრივად, ერთ პროდუქციას ხმარობენ. პროდუქტის დეფიციტია, მაგალითად, ნორმალურ ყველს ვერ იყიდი. ახლა თევზეულის კვლევაზე ვმუშაობთ. აღმოჩნდა, რომ ბევრი თევზი და ზღვის სხვადასხვა პროდუქტი გვაქვს, მაგრამ ამას არ ვავითარებთ. არც რესტორნებში გვაქვს. იგივეა ბოსტნეულზე. ერთსა და იმავეში ვტრიალებთ. ფხალეულის ბევრი სახეობაა, მაგრამ პრობლემაა, რომ რესტორანში შეიტანო. ელემენტარულად, ქვეყანაში რაჭულ ლორს ვერ იშოვი, რომ რესტორანში შეიტანო. ბევრი პრობლემაა ამ მხრივ. ფაქტობრივად, პროდუქტი არ გვაქვს, რომ მიმართულება ნორმალურად განვითარდეს. პირველ რიგში, ამით უნდა დავიწყოთ, ეს პროდუქტი შევქმნათ, რომ შემდგომში გასტრონომია განვითარდეს. ბადრიჯანი რამდენნაირად უნდა შემოგთავაზოთ? ბოლოს მოგბეზრდებათ, ხომ? რაღაც ახალი, ან მივიწყებული ძველი გინდათ. ყველს და ნორმალურ ხაჭაპურს ვერ შეჭამ ქვეყანაში, რომელიც ამბობს, რომ ხაჭაპურის ქვეყანაა”, – განაცხადა კვიჭიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს სექტორში ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

“რადგან ეთნოტურიზმი და გასტროტურიზმი ერთად განიხილება, ძირითადი დატვირთვის მხრივ მაინც კახეთს და აჭარას გამოვყოფდი. თავად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ გასტრონომია პოპულარული იყოს. ეს იმერეთშიც დაწყებულია. შარშან ყველა მუნიციპალიტეტში, პოპულარიზაციისთვის 12 გასტრონომიული ვიდეო გადავიღეთ.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების თემას: რა თქმა უნდა, გვინდა ტურისტები ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან. როგორც ვიცი, ახლა საელჩოებს დაევალათ, რომ ღვინის და გასტრონომიის კუთხით პოპულარიზაცია მოხდეს. პატარ-პატარა მოთხოვნა არის მათში, ვინც ზოგადად ჩვენი ქვეყნის შესახებ იცის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაოა, მარკეტინგული პროცესები რაც შეიძლება მალე უნდა დაიძრას.
წლევანდელი წელი ისეთი კარგი არ არის, როგორსაც მოველოდით. ქვეყანაში შემომსვლელების მხრივ პირველ ადგილზე თურქეთია, შემდეგ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ანუ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ჩვენ, როგორც გასტრონომიული პროდუქტი, დიდად პოპულარული არ ვართ. რუსეთში კი ბატონო, იციან ხინკალი, ქაბაბი და ა.შ. ამიტომ, ამ მიმართულებით სამუშაოა. სახელმწიფო ამბობს, რომ გადამხდელუნარიანი ტურისტი გვინდა. როგორია გასტროტურისტი – ისეთი ტურისტია, რომელსაც საშუალება აქვს, დაათვალიეროს არქიტექტურა და ა.შ, ამასთანავე სურს, კერძები დააგემოვნოს. ფასები საკმაოდ ძვირია. ფაქტობრივად, უკვე ევროპის ფასებს გაუტოლდა. პროდუქტი ბევრად ძვირია, ვიდრე ევროპაშიც კი, ასევე დეფიციტიცაა. ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდილია”, – განაცხადა კვიჭიძემ.

kvira.ge