2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებს შორის 5 203-ის შემთხვევაში მიზანი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაა. ეს კი საერთაშორისო ვიზიტების  0,4%-ს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2 136 იყო (საერთო ვიზიტების 0,2%). შესაბამისად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 2,4-ჯერაა გაზრდილი.

ეს მონაცემი ძალიან დაბალია პანდემიამდელ მაჩვენებელზე, თუმცა ზრდის ტენდენცია გამოხატულია.

ტენდენციის შეფასებისას ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ზრდა მისასალმებელია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ძირითადად ესთეტიკურ და გამაჯანსაღებელ სერვისებს ეხება. ამ სერვისებზე უცხოელი პაციენტების მოთხოვნის ზრდას კი ბაირახტარი იმით ხსნის, რომ ამ მომსახურებებზე საქართველოში გაცილებით ხელმისაწვდომი ფასებია, ვიდრე რეგიონსა და სამეზობლოში.


„ფასების ფაქტორი, ცხადია, აისახება მოთხოვნაზე, თუმცა საერთო სურათს ვერ გვიცვლის. ამიტომ ამით ზოგადად სამედიცინო მომსახურების მაღალ დონეზე და მნიშვნელოვან დადებით ძვრებზე ვერ ვისაუბრებთ მრავალი სამწუხარო „ქეისის“ ფონზე,“ - აღნიშნავს ეკონომისტი.

როგორც შიდა ბაზარზე, ისე უცხოელი სამედიცინო ტურისტების სეგმენტში ქართული ჯანდაცვის სისტემისადმი ნდობის გაზრდის მთავარ გზად ეკონომისტი სერვისების ხარისხის გაზრდას მიიჩნევს. ეს კი, მისი თქმით,  სახელმწიფოს მიერ კლინიკების მიმართ ხარისხის სტანდარტის მკაცრად გაკონტროლებაში უნდა გამოიხატებოდეს.

წყარო: jandacva.ge