დღეიდან ბათუმში სპორტული პოკერის საქართველოში პირველმა საერთაშორისო ტურნირმა აიღო სტარტი. ევრაზიის პოკერის ტურნირში (EAPT) მონაწილეობას 1000-მდე მოთამაშე მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღებს. საპრიზო ფონდი კი $350 000-ს შეადგენს.
გარდა საქართველოში სპორტული პოკერის პოპულარიზებისა, ტურნირი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს - საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში ბიზნესკონსულტანტი გუგა აბაშიძე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთკვირიანი ღონისძიება როგორც აჭარის რეგიონის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას.
"ბათუმი, როგორც ვხედავთ, ძალიან გადატვირთულია. ტურიზმის ნაკადი არის, თუმცა ის მოკლესეზონიანი კურორტია. საერთაშორისო პრაქტიკა რომ ავიღოთ, როდესაც სეზონი ასეთი მოკლეა, სახელმწიფო ზრუნავს, რომ, ერთი მხრივ, აქცენტი უფრო მაღალშემოსავლიან ტურისტებზე გააკეთოს და, მეორე მხრივ, სეზონი გაზარდოს.
ორივე კრიტერიუმის შესასრულებლად იდეალური ინსტრუმენტია სპორტული პოკერის ტურნირი. ამის მაგალითად მრავალი, მათ შორის ჩვენი მსგავსი, ქვეყანა შეგვიძლია მოვიყვანოთ: ესტონეთი, ლიტვა, მალტა კვიპროსი... კლიმატითა და ინფრასტრუქტურით ბათუმი არც ერთ მათგანს ჩამოუვარდება. აქ საუბარია მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე, რაც რეგიონისთვისაც ხელსაყრელია", - ამბობს გუგა აბაშიძე.
ბიზნესკონსულტანტი აღნიშნავს, რომ ბათუმში ჩატარებული ტურნირის საერთაშორისო გაშუქება საქართველოს პოპულარიზციასაც შეუწყობს ხელს.
"რაც შეეხება [ტურნირის გავლენას] ქვეყნის ეკონომიკაზე, ჩვენ აქ გრძელვადიან ეფექტს დავინახავთ. ძალიან ბევრი პლატფორმაა, რომელიც პოკერის ტურნირებს აშუქებს, ათეულობით მილიონიანი აუდიტორიისთვის, რომელიც ზუსტად საშუალო და მაღალი სეგმენტისგან შედგება. ეს ქვეყნის სხვა ჭრილში პოზიციონირებასაც შეუწყობს ხელს", - ამბობს აბაშიძე.
ტურნირის თანაორგანიზატორმა EAPT-ის კომერციულ მოგებიანობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წლევანდელი ღონისძიება სატესტო იქნება და მის პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტს განსაზღვრავს.
"განსხვავებით აზარტული პოკერისა, სპორტული პოკერის ასეთი ტურნირები ძალიან სწორხაზოვანი კალკულაციით და ეკონომიკით ითვლება. აქ შემოსავლის, დაახლოებით 10-15% საორგანიზაციო ხარჯებია, 0-5%-მდე სახელმწიფო გადასახადები, დარჩენილი 75-80% საპრიზო ფონდად იყოფა.
რეალურად, სამი მოთამაშე - ორგანიზატორი, მონაწილე და სახელმწიფო - სამივეს მხრიდან უნდა იყოს სურვილი, რომ ასეთი ტურნირები სისტემატურად ტარდებოდეს ქვეყანაში. დღევანდელი ტურნირი რეალურად ტესტია, ორგანიზატორების მხრიდან აქ კომერციული ინტერესი არაა ჩადებული. ძალიან მარტივად შეიძლება, პირდაპირი ეფექტი განვსაზღვროთ, რაც იმდენად მასშტაბურია, რომ ასეთი საშუალო მასშტაბის ტურნირიც კი, რამდენიმე მილიონის აკუმილირებას ახდენს, მათ შორის ბიუჯეტშიც", - განმარტავს გუგა აბაშიძე.
სპორტული პოკერის პირველი საერთაშორისო ტურნირი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირი ბათუმში „ეკლიფს“ პოკერ კლუბის ორგანიზებით ტარდება, რომელიც საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი კაზინო „ეკლიფსის“ ბაზაზე შეიქმნა.
წყარო: bm.ge