„მიმდინარე წლის მესამე კვარტალი ნორმალური იყო და პირველ და მეორე კვარტალთან შედარებით მატება გვქონდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა უთხრა. მისი თქმით ქვეყანაში წელს ევროპელი ტურისტების ნაკლებობა იყო.
ალავერდაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წელს მატება იყო მთის რეგიონებში, ხოლო შავიზღვისპირეთში ნაკლებობა შეინიშნებოდა, რაც ზღვის შესაძლო დაბინძურების შიშით იყო გამოწვეული.
„მესამე კვარტალი ნორმალური და კარგი იყო, მთის რეგიონში ტურისტების მატება შეინიშნებოდა , ბორჯომი ბაკურიანის მიმართულებით 25-30%-იანი მატება იყო, რაც შეეხება შავიზღვისპირეთს ქობულეთი-ურეკის მიმართულებით 30-35% კლება იყო. რაც კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად ზღვის დაბინძურების შიშით იყო გამოწვეული.
რაც ეხება ევროპელ ტურისტებს, ამ მიმართულებით დიდი ნაკლებობა გვაქვს, ახლა სეგმენტი სამ ნაწილად არის გაყოფილია გვაქვს 5 ვარსკვლავიანი სეგმენტი, რომელიც ბაზრის 8-10%-ს შეადგენს, ამ სეგმენტში სასტუმროს ფასი არის 200$-დან ზემოთ, დამსვენებლების ძირითადი მასა მოდის სამ ვარსკვლავიან სასტუმროებზე, რომლის ფასი არის 50 დოლარიდან 75 დოლარამდე, რაც შეეხება შუა სეგმენტს სწორედ ეს იყვნენ ევროპელი დამსვენებლები , სადაც სასტუმროს ღირებულება 100 დოლარიდან იწყებოდა და 150 დოლარამდე ადიოდა და ეს მაჩვენებელი თითქმის 4-5%-ზეა ჩამოსული. ამ სეგმენტში ძალიან გვჭირს, რასაც ევროპელი ტურისტების ნაკლებობა განაპირობებს“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.