„მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 22 თებერვალს კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. ამის შესახებ "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველო უკვე მეორედ, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.
"ღონისძიებაში 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის, „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი.
საქართველომ, ფრირაიდის მსოფლიო ტურს, პირველად, გასულ წელს უმასპინძლა. შეჯიბრის დამფუძნებლების მხრიდან, ღონისძიება არამხოლოდ წარმატებულად, არამედ ფრირაიდის ისტორიაში, ერთ-ერთ საუკეთესო შეჯიბრებად შეფასდა. შესაბამისად, საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორც ახალი მიმართულება, კიდევ ერთხელ მონიშნა.
ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ეს სახეობა მსოფლიოში ახალი მიმართულებაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა და ღონისძიებები მათი ეგიდით ტარდება.
მესტია, მსოფლიოში, ფრირაიდის ახალი მიმართულება გახდა, ხოლო კურორტი თეთნულდი, ფრირაიდის მოყვარულთათვის, პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. (100 TV, 200 Digital) მაყურებელს ფარავს. ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას",- წერია სამინისტროს პრესრელიზში.