„სანამ არ დასრულდება არეულობა, ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარემ გიორგი თეთრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ზამთრის ტურისტული სეზონი დაბალი აქტივობით გამოირჩევა, თუმცა ამ პერიოდში მიიღება ჯავშნები გაზაფხულის პერიოდისთვის.

თეთრაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანაში არ შეიცვლება მდგომარეობა გაზაფხულამდე, ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ.


„ტურისტი ჩამოდის დასასვენებლად და არავის აქვს სურვილი, გადაეყაროს რომელიმე ჯგუფს, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა, ან აღმოჩნდეს მოვლენების ეპიცენტრში. ტურიზმი მგრძნობიარეა მსგავსი [ქვეყანაში მიმდინარე] მოვლენების მიმართ. შესაძლოა, ზოგიერთი საქმიანობისთვის არ იყოს ეს გადამწყვეტი, მაგრამ ტურიზმი პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობაზე, განვითარებაზე და მშვიდ გარემოზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლები იყო.

ზამთრის სეზონი ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, გაზაფხულიდან აქტიური პროცესი იქნება. თუ ასე გაგრძელდა გაზაფხულამდე და არ დაწყნარდება სიტუაცია [რადგან ახლა იწყებენ დასვენების ადგილის დაგეგმვას], ტურისტი თავს არ აიტკივებს, წავა სხვაგან დასასვენებლად და საქართველოზე უარს იტყვის“, - განაცხადა გიორგი თეთრაძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 47-ე დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

პროტესტს გამოხატავენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ მათ სფეროზე კრიზისი ყველაზე მალე ისახება. მაგალითად, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევით, ქვეყანაში არსებული მოვლენების ეფექტი სექტორს მომენტალურად შეეხო. კერძოდ, მათი ცნობით, მხოლოდ 2024 წლის 1-14 დეკემბრის პერიოდში ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა.

წყარო: www.bpn.ge