ესპანელებისთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სამთო-სათხილამურო მიმართულება ექცევა, რაც საქართველოში საკმაოდ განვითარებულია. მათთვის ასევე, მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ალექსანდრე ჭკუასელმა "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ესპანეთიდან 7 945 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.9%-ით აღემატება.
"დღესდღეობით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენს და საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული და სასურველი ტურისტული მიმართულება ხდება როგორც რეგიონის, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა მიმართულებით არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. წარმატებით ვახორციელებთ ტურიზმის განვითარების სამთავრობო სტრატეგიას. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ესპანელი ტურისტების რაოდენობა მზარდია. წლებია, რაც პირდაპირი რეისები ხორციელდება ქუთაისიდან მადრიდისა და ბარსელონას მიმართულებით, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. ასევე, მზარდია საქართველოს საავიაციო ბაზარი ფრენების ახალი მიმართულებებითა და ავიაკომპანიების რაოდენობით. მოხარული ვიქნებით, თუკი უახლოეს მომავალში ესპანურ ავიაკომპანიებს ვიხილავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბიზნეს კავშირებს და ხალხთა შორის ურთიერთობებს გააღრმავებს.
საქართველო 4 სეზონის ტურისტული მიმართულებაა და აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ესპანელი ტურისტებისათვის. ასევე, აღსანიშნავია საქართველოს საელჩოსა და ესპანეთის ინდუსტრიისა და ტურიზმის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში ორმხრივ აქტიურ კომუნიკაციას. ეს ორმხრივი მემორანდუმებით და შეთანხმებებით მყარდება. ესპანეთი თითქმის 48 მლნ-იანი ქვეყანაა და შესაბამისად, მათი საქართველოში სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.
გარდა ამისა, ელჩის ინფორმაციით, ქართული გასტრონომია სულ უფრო პოპულარული ხდება ესპანეთში.
"ესპანელი ტურისტებისთვის მიმზიდველი როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულება, ასევე კულტურა, გასტრონომია, ქართული ღვინო. თამამად, შეიძლება ითქვას, რომ ესპანელების გული და გემოვნება ქართულმა გასტრონომიამ და კულტურამ უკვე დაიპყრო. აღსანიშნავია, ქართული ღვინის მიმართ მზარდი ინტერესი. განსაკუთრებით, ქვევრის ღვინის და ღვინის ტრადიციულად დაყენების მიმართულებით", - აცხადებს ალექსანდრე ჭკუასელი.