ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საერთაშორისო გამოფენაზე მიღწეულ შედეგებს საქართველოსთვის წარმატებულად აფასებენ.
დუბაიში ATM Dubai 2023“-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 52 კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში ტუროპერატორებმა და სასტუმროების წარმომადგენლებმა საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრების შედეგად დაიგეგმა ერთობლივი ტურები. ახლო აღმოსავლეთის ტურისტული კომპანიები ზაფხულის სეზონზე საქართველოს საზღვაო, სამთო , სპა და გამაჯანსაღებელი კურორტებით, ასევე საქართველოში დაგეგმილი კონცერტებითა და ფესტივალებით დიანტერესდნენ.
„ჩვენი კომპანია ტურისტებს მასპინძლობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან. დუბაის ტურისტული გამოფენა არის ყველაზე დიდი, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ტურისტულ ბაზარს. ყოველწლიურად დავდივართ ამ გამოფენაზე, რადგან ეს ის ძირითადი არხია, სადაც შესაძლებლობა გვეძლევა შევხვდეთ ჩვენს პარტნიორებს, მოველაპარაკოთ, დავგეგმოთ სეზონი და შემდეგ ვუმასპინძლოთ მათ გამოგზავნილ ტურისტებს. ეს გამოფენა იყო ძალიან ნაყოფიერი და იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“,-აცხადებს ტურისტული სააგენტო DMS-ის წარმომადგენელი ცოტნე მიროტაძე.
„გამოფენის ფარგლებში შევხვდით მომავალ პარტნიორებს, მათთან ერთად დავსახეთ გეგმები. ველოდებით სტუმრების რაოდენობის გაზრდას საქართველოში. კერძო სექტორისთვის ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ იმედებს ვამყარებთ,-ამბობს ტურისტული სააგენტო Tripzy-ის წარმომადგენელი თამარ ჩხიკვაძე.
„ATM Dubai 2023“-ის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდნენ: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და თბილისის მერია.
„როგორც იცით ქუთაისსა და აბუ-დაბის პირდაპირი ფრენები აკავშირებს და არ შეიძლებოდა რომ არ გამოგვეყენებინა ეს პლატფორმა, რომ უფრო პოპულარული და ცნობადი გაგვეხადა ამ ტურისტულ ბაზარზე ჩვენი რეგიონი და ქუთაისი“,- აცხადებს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარი დევიძე.
„ძალიან საინტერესო გამოფენაა, საქართველოს მიმართ იგრძნობა მეტი ინტერესი.
აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით როგორც იცით სრულდება პირდაპირი ავიარეისები, რაც კიდევ უფრო ზრდის წყალტუბოს მიმართ ინტერესს, შესაბამისად ველოდებით უფრო მეტ სტუმარს“,-განაცხადა სასტუმრო Tskaltubo Spa Resort-ის წარმომადგენელმა ანდრო ჯიშკარიანმა.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წელს 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.