„იმის გათვალისწინებით, რომ დატვირთულობის მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია, არ ვფიქრობთ, რომ ფასების ზრდის კუთხით დრამატული ცვლილება იქნება,“ - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ დატვირთულობის მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია, არ ვფიქრობთ, რომ დრამატული ცვლილება იქნება ფასების ზრდის კუთხით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყანას ინფლაციის კარგი მაჩვენებელი აქვს და ლარიც მყარდება დოლართან, მე წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის დატვირთულობის მაჩვენებელი, რაც კერძო სექტორიდანაა მოწოდებული, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფასებიც შესაბამისია და ვიზიტორებიც და ტურისტებიც აქტიურად ჯავშნიან განთავსების ობიექტებს,“ - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
სექტორის მთავარი გამოწვევად, მოახლოებულ ზაფხულის სეზონზე, კადრების ნაკლებობა რჩება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თქმით, ამის მიზეზი პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილების დაკარგვა, პროფესიების შეცვლა და კადრების გადინება გახდა. თამარ კაიკაციშვილის თქმით, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად დეპარტამენტი ძალებს არ იშურებს და წლის ბოლომდე 1000-ზე მეტ ადამიანს გადაამზადებს.
„პანდემიის დროს ადამიანები გადავიდნენ სხვა სამსახურებში, ზოგი სფეროდანაც გავიდა. ეს გამოწვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისათვის. კერძო და საგანმანათლებლო სექტორებთან ერთად ვცდილობთ, ამ პრობლემასთან გამკლავება შევძლოთ. ეს ხდება ინტენსიური სატრენინგო პროგრამების საშუალებით. შარშან კერძო სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადავამზადეთ, ახლაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ტრენინგები. წელსაც 1000-ზე მეტი სექტორში დასაქმებული უნდა გადავამზადოთ და ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მათ უფრო განავითარონ და დახვეწონ სერვისები,“ - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
თამარ კაიკაციშვილის თქმით, ბოლო წლებში აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს იმისათვის, რომ აჭარა ოთხი სეზონისთვის მიმზიდველ ტურისტულ რეგიონად იქცეს. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მარკირებულია უკვე 25-ზე მეტი მარშრუტი, რომელიც მოიცავს კულტურულ, მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლებს, კულინარიასა და ღვინის ტურიზმს.
„ხორციელდება დიდი პროექტები. მათ შორის - ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკი, რომელიც ძეგლს დამთვალიერებლებისთვის უფრო იოლად მისაწვდომს და უსაფრთხოს გახდის. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ქობულეთის დაცული ტერიტორიების მიმართულებით ისპანის ჭაობზე, რაც ეკო კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალია. ამ მიმართულებით დაწყებულია აქტიური მუშაობა. ხულოს და ქედას მუნიციპალიტეტი მდიდარია ჩანჩქერებით და 12-კასკადოვან ჩანჩქერზე კანიონინგით დაშვების საშუალებაა შესაძლებელი. აქტიურად ვითარდება მთის საველოსიპედო ტურიზმი - 6-კილომეტრიანი სამთო საველოსიპედო ბილიკით 2 მუნიციპალიტეტი უკავშირდება ერთმანეთს. ვისაც სათავგადასავლო ტურიზმი და ეკოტურისტული გარემო მოსწონს, აჭარას დიდი პოტენციალი აქვს.
იუნესკოს მიერ საქართველოს 4 დაცული ტერიტორია იქნა აღიარებული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აქედან 3 გახლავთ აჭარაში. ეტაპობრივად მივაღწევთ იმას, რომ მოვახდინოთ ამ ადგილებში იმ ინფრასტრუქტურის გაჩენა, რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ეკოსისტემას არ დააზიანებს,“ - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ბათუმი და აჭარა ფორმირდება როგორც 4-ვე სეზონისთვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.