„თუ შევაჯამებთ 3 თვის მონაცემს, საერთაშორისო ვიზიტორთა 1 208 000 და მეტი ვიზიტი დაფიქსირდა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ეს 75%-იანი, ხოლო წინა წელთან შედარებით 110%-იანი მატებაა. წინასწარი გათვლებით ძალიან კარგ სეზონს ველოდებით“, - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში მოახლოებულ 2023 წლის ზაფხულის სეზონზე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და მოლოდინებზე საუბრისას.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სხვადასხვა ავიაკომპანიებთან როგორც სიხშირეების გაზრდაზე, ასევე რეისების დამატებაზე და ის მონაცემები, რაც კერძო სექტორიდან აქვთ, იმის წინაპირობას იძლევა, რომ 2023 წლის საზაფხულო სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე იყო 2022 წელი.
„როგორც აღდგენის, ისე წინა წელთან შედარებით შესამჩნევი მატება იქება. 2022 წლის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, დატვირთულობა დასაქმების ობიექტებში 15%-ით და მეტითაა გაზრდილი, მათ შორის ბრენდული სასტუმროების მონაცემებია - 22% და მეტი, კერძო სექტორის ანალოგიური მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, - 36%-ით გაზრდილი. ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ჩვენი რეგიონის და ქვეყნის განვითარების მაჩვენებელზე და გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2023 წელი იქნება უკეთესი, ვიდრე წინა წლები“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერ ტურისტულ ქვეყანაში ასეა - მეზობელი ქვეყნებიდან ჭარბობენ ვიზიტორები, რადგან სადაც უფრო იოლია მისვლა-მოსვლა, ის მიმართულება უფრო აქტიურია, თუმცა, ევროპის მიმართულებები პრიორიტეტულია.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, წლის განმავლობაში დაახლოებით 30-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას, სადაც აქტიურად ვეწევით რეგიონის და ქვეყნის რეკლამირებას. დაინტერესებული ვართ ევროპული მიმართულებებით, ასევე ძალიან საინტერესოა სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, ის ქვეყნები, რომლებიც კარგად გვიცნობენ - ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. ნებისმიერ ტურისტულ ქვეყანაში ასეა, რომ მეზობელი ქვეყნების ვიზიტორთა რაოდენობა ჭარბობს, რაც უფრო იოლია სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციაზე მისვლა, ის მიმართულება უფრო აქტიურია. თუმცა, ევროპის მიმართულება ჩვენთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 3 ევროპული მიმართულება დაამატა თავის სამიზნე ბაზარს - ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი.
Wizz Air-მა ბაზირებული ხომალდების რაოდენობა გაზარდა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სკანდინავიის ქვეყნებთან, კონკრეტულად კი კოპენჰაგენთან გვქონდეს პირდაპირი წვდომა. შარშან ბათუმის რიგა-თბილისის რეისი ხორციელდებოდა Air Balric-ის ავიახაზებით. გვაქვს ინფორმაცია, რომ წელსაც იქნება ეს რეისი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ბაზრები იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, თუნდაც ევროპის ქვეყნების მიმართულებით“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით ევროკავშირიდან 64,7%-თაა შემოსავლები გაზრდილი. მისი თქმით, დამატებული სიხშირეები, რეისები და არსებული სტატისტიკა, როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების კუთხით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ევროპული მიმართულებიდან შემოსული ვიზიტორების ნაწილი და შემოსავლები უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან იყო.