ჟანა ოდიაშვილი გორში გიდად 2019 წლიდან მუშაობს. „ალტერნატიული გორის ტურის“ გარდა ჟანას „საბჭოთა ტური“ აქვს, რომელიც უფრო მეტად საბჭოთა კავშირზე და სტალინზეა და ტურის მსვლელობისას ტურისტებს ქალაქს საბჭოთა „ლადას“ მარკის მანქანით ათვალიერებინებს. მისი თქმით, გორში ტურისტებს საბჭოთა ტურზე მეტად ალტერნატიული გორი აინტერესებთ და მასზე უფრო დიდი მოთხოვნაა.
როგორც თავად გვიყვება, ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ანაზღაურება იმაზე მეტი აქვს, რასაც ნებისმიერი ქართული ტურისტული კომპანია შესთავაზებდა.
„ტური არის ე.წ. Tip-ებზე. ტურის ბოლოს ტურისტები ე.წ. Tip-ებს მაჩუქებენ ხოლმე, რამდენსაც მოისურვებენ. მე ამ ეტაპზე სხვა სამსახური ამ მაქვს. წარმოშობით გორელი ვარ, მაგრამ გორში არ ვცხოვრობ, ყოველ დღე თბილისიდან მივდივარ გორში, მერე უკან ვბრუნდები. ჩემთვის მისაღებია ის თანხა, რასაც ვიღებ და ეს იმაზე მეტია, რასაც ნებისმიერი ქართული ტურისტული კომპანია შემომთავაზებდა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ჟანა ოდიაშვილი და ალტერნატიული გორის ტურის დაწყების მიზეზებს იხსენებს.
„ალტერნატიული გორის ტური დავიწყე იმიტომ, რომ გორში ტურისტები მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად ჩამოდიან. სტალინის მუზეუმი განადიდებს ბელადს და ჩემთვის როგორც ქართველისთვის და გორელისთვის ეს მიუღებელია. ჩემი ტურის იდეა იყო გორის წარმოჩენა სტალინის გარეშე. ტურის ფარგლებში მივდივარ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ვსაუბრობ 2008 წლის ომზე, ვაჩვენებ ნატყვიარ კედლებს, მივდივართ არტ-ჰაუზში და ა.შ. ძირითადას მყავს ევროპელი სტუმრები - უფრო მეტად გერმანელები აქტიურობენ, მყავს ტურისტები ავსტრალიიდან, ამერიკიდან, ჩილედან, ბრაზილიიდან, ისრაელიდანაც“, - გვიყვება ჟანა ოდიაშვილი.
მისი თქმით, სტალინის მუზეუმში ისტორია და ფაქტები მთლიანად დამახინჯებულია და ეს არის არა მხოლოდ გორის არამედ მთელი ქვეყნის პრობლემა.
„სტალინის მუზეუმში ისტორია მთლიანად დამახინჯებულია. ეს არა მგონია მხოლოდ გორის პრობლემა იყოს, ეს მთლიანად ქვეყნის პრობლემაა. სტალინი უყვარს არა მხოლოდ გორელს, არამედ ბევრ ადამიანს. საბჭოთა კავშირის ნოსტალგია თითქმის ყველა ასაკოვან ადამიანს აქვს. ნოსტალგია არ არის ცუდი, ენატრებათ ის დრო, როცა ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ აქ ისტორიის გადაფასებაზეა საუბარი. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელია სტალინის ფიგურას განადიდებდე იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
ჩვენი მშობლების თაობა რაღაცნაირად დაკარგული თაობაა. ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში, მერე დაინგრა სისტემა, ახლა რთულია აუწყონ ფეხი ახალ რეალობას, არ მოგზაურობენ, არ იციან რა ძალიან მაგარია ევროპა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია ევროკავშირის წევრობა. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას არ უნდა ეს ამბავი. მაგრამ ხალხის სურვილი ძლიერია“, - აცხადებს ჟანა ოდიაშვილი.
მისი თქმით, სტალინის მუზეუმში სასწრაფოდაა შესაცვლელი მთელი ნარატივი. ტურიზმის დეპარტამენტიც შეცდომას უშვებს, როცა გორში აქცენტი მხოლოდ სტალინის მუზეუმზე კეთდება და ძალიან ხშირად ტურისტები გორის ციხესთანაც კი არ მიჰყავთ.
„აქ იკვეთება ტურიზმის დეპარტამენტის შეცდომაც, იმიტომ რომ ტუროპერატორები მხოლოდ სტალინის მუზეუმს უწევენ პოპულარიზაციას და ძალიან ხშირად გორის ციხესთანაც კი არ მიჰყავთ ტურისტები. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ტურისტი სტალინის მუზეუმში თუ შევა, მეც უამრავჯერ ვარ ნამყოფი. ჩემთვის მიუღებელი ისაა, რომ იქ სტალინის ფიგურის რომანტიზება ხდება. ეს არასწორია და შეურაცხყოფაა ყველა იმ ადამიანის ვინც დაიხვრიტა თუ გულაგებში გაიგზავნა. სტალინის მუზეუმში სასწრაფოდაა შესაცვლელი მთელი ნარატივი. აუდიო გიდი არ არსებობს, მუზეუმს უამრავი ტურისტი ჰყავს და გიდი ყველას არ ემსახურება. 21-ე საუკუნეში ეს სირცხვილია. ეგ ხომ მუზეუმი არ არის, ეგ არის ფოტოგალერეა, მხოლოდ სტალინის ფოტოებია გამოფენილი და და სხვა არაფერი. 21-ე საუკუნეში როცა მობილური აპლიკაციები და უამრავი დამხმარე ხელსაწყო არსებობს, რანაირად შეიძლება მუზეუმი ამ მდგომარეობაში იყოს?“ - აცხადებს ჟანა ოდიაშვილი
ჟანასთან ტურისტებს ყველაზე მეტი კითხვა 2008 წლის ომზე აქვთ. იმიტომ, რომ აგვისტოს ომზე და საქართველოში რუსეთის აგრესიაზე უცხოელებმა ან არაფერი იციან, ან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. მისი თქმით, ეს ტური არის საშუალება, რომ მეტ ადამიანს მოუყვეს 2008 წლის ომზე.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ჟანა გვიყვება, რომ ყოველ დღე აქვს ტურები და არც კი ახსოვს ბოლოს day off -ი როდის ჰქონდა. ზოგადად, კი, ზაფხულობით ტურისტების რაოდენობა როგორც სხვა რეგიონებში, გორშიც მატულობს.