2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმი გაიხსნება, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, ჩაის მუზეუმს ლედ-ტექნიკით ჩინური მხარე აღჭურავს. ამას გარდა, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები აპირებენ, რომ გარკვეული კონტრიბუცია გაიღონ მუზეუმის კეთილმოწყობისთვის.

„2025 წელს ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლი, რომელიც ამ დრომდე მიტოვებული და სახელმწიფო ქონება იყო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადმოეცა მართვაში. 2025 წელს  ჩაქვში ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის სახლ-მუზეუმს გავხსნით. ჯინ ჯაოს  პირველი იყო, ვინც აჭარაში, და შემდეგ გურიაში, ჩაის კულტურა შემოიტანა. ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც პეკინში  მიმდინარე წლის აპრილში ვიმყოფებდით, მუზეუმის შიდა ინტერიერის მოსაწყობად, რიგი სამუშაოებია დაგეგმილი. ჩაის მუზეუმს ლედ-ტექნიკით ჩინური მხარე აღჭურავს, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები აპირებენ, რომ გარკვეული კონტრიბუცია გაიღონ მუზეუმის კეთილმოწყობაში“, - განაცხადა ზაურ ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახლი და 1379 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ საკუთრებაში ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადასცა. ბრძანება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბერს აქვს გამოცემული.

ლაო ჯინ ჯაოს სახლს, 2016 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალზე აღნიშნულია, რომ ამ სახლში ჩინელი მეწარმე - ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. ის ბათუმში 1893 წლის 4 ნოემბერს, 9 ჩინელ ჩაის სპეციალისტთან ერთად, რუსი ვაჭრის, პოპოვის მოწვევით ჩამოვიდა. ლაომ ჩინეთიდან რამდენიმე ათასი ჩაის ნერგი და ასობით ფუთი ჩაის თესლი ჩამოიტანა, 3 მამულში დაიწყო მუშაობა და 3 წელიწადში 200 ფუტი ჩაი მოიყვანა. მის სახელს უკავშირდება ჩაის ნერგების ორანჟერეისა და ჩაის გადამმუშავებელი პირველი მცირე ფაბრიკის შექმნა.

1900 წელს პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე, ლაო ჯონ ჯაოს მიერ ჩაქვში მოყვანილ ჩაის ოქროს მედალი მიანიჭეს წარწერით – „კავკასიის ჩაი მსოფლიოში საუკეთესოა”.

როგორც „ბათუმელები“ წერს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 000 ლარია გამოყოფილი.  ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 10 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტოს დასრულდება. სამუშაოები უნდა დაიწყოს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2025 წლის 18 მაისამდე. ლაო ჯინ ჯაოს სახლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვაზე ხელშეკრულება კმდს-მ ინდმეწარმე პაატა ნუცუბიძესთან 2024 წლის თებერვალში გააფორმა. საპროექტო დოკუმენტაციაში სააგენტომ 53 700 ლარი გადაიხადა.