შოვის კურორტის განვითარების პროექტი განხორციელებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ,გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულიდან, როდესაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შოვში სამუშაოების დაწყება შესაძლებელი იქნება, პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი, მოსამზადებელი ოპერაციები დაიწყება.
„როგორც იცით, შოვის კურორტი 2006 წელს ყაზახეთის მოქალაქემ შეიძინა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ყაზახი ინვესტორის გარდა, ამ პროექტში კიდევ რამდენიმე მსხვილი ჯგუფია ჩართული. ისინი იქ მიწას ფლობენ. პირადად მე, 2016 წლიდან ვარ ამ პროექტში ჩართული, რომლის რეანიმაციაც ეტაპობრივად ხდება. 2019 წლიდან დღემდე, მიმდინარეობდა გენერალურ გეგმაზე შეთანხმება, იცით რომ გენგეგმის გარეშე კურორტი ქაოტურად განვითარდება. ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, გენერალური გეგმა შეთანხმებულია და შოვის კურორტის განვითარების იდეა განხორციელებასთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა“, - დასძინა გიორგი ჯახუტაშვილმა.
შეგახსენებთ, ყაზახი ინვესტორები კურორტ შოვის ტერიტორიის 60%-ს ფლობენ. კურორტის განვითარებისთვის $60 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვა არის გათვალისწინებული. შოვის განვითარებით რაჭის რეგიონში ყოველწლიურად 56 ათასამდე საშუალო და მაღალშემოსავლიანი დამსვენებლების აყვანა იქნება შესაძლებელი.
კურორტი შოვი არის უნიკალური კურორტი, რადგან აქ თავმოყრილია 16 მინერალური წყალი, 3 მწვერვალით გარშემორტყმული ტერიტორია და გარდა ამისა, აქ არის უნიკალური კლიმატურ-ბალნეოლოგიური პირობები.