„წარმატებით დასრულდა 2024 წელი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, დაფიქსირდა რეკორდული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, რომელმაც 5.1 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი დივერსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ რეკორდულ ნიშნულზე გავიდა გასულ წელს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების ოდენობა, როგორიც არის ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, საიდანაც ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანობით“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი - 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 4.2%-ით აჭარბებს.
„რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, რადგან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები არაერთ წამყვან ავიაკომპანიასთან 2024 წელს. საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარს მიმდინარე წელს დაემატება ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“, ისევე როგორც შვეიცარიის დაბალბიუჯეტიანია ახალი ავიაკომპანია „ედელვაისი.“ მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება დამატებით პირდაპირი ფრენები დიდ ბრიტანეთთან, მილანთან, ციურიხთან, ასევე ჟენევის მიმართულებით“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსყიდველუნარიანი ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს