YouTube-ის ვიდეოებზე ინგლისურენოვანი სუბტიტრები აქამდე არავის უკვირდა, თუმცა ქართველი იუთუბერების კონტენტზე ავტომატურად გენერირებული ქართული ტიტრები ნამდვილად ბოლოდროინდელი სიახლეა. თუ ცნობილ ვიდეოპლატფორმას აქტიურად სტუმრობთ, შეამჩნევდით, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ახალდადებულ ვიდეოებს ქართული ტექსტიც გასდევს. სურვილის შემთხვევაში კი, შეგიძლიათ, ჩაურთოთ ან გამოურთოთ ეს ფუნქცია.

ამ სიახლესთან დაკავშირებით მოსაზრებას გვიზიარებს ვლადიმერ კვარაცხელია, ვებსტუდია „ვებსერვისის” დამფუძნებელი და იუთუბარხის მფლობელი: 

ვიდეოზე ტიტრების დადება იმით არის კარგი, რომ იძლევა აუდიტორიის გაზრდის საშუალებას რამდენიმე მიზეზით: ყველაზე მთავარია ის, რომ სმენადაქვეითებული ადამიანებს ჩანაწერის უკეთესად აღქმის საშუალება ეძლევათ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სხვა ენაზე მოსაუბრე აუდიტორიისთვისაც, რადგან შეუძლიათ ტექსტის უფრო კარგად გარჩევა და მათთვის უცხო სიტყვებზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადათარგმნა. მარტო ამ ორმა პირობამ შეიძლება შეუწყოს ხელი აუდიტორიის ზრდას, რადგან იმატებს ჩართულობა, ემატებიან გამომწერები და სხვა.

გარდა ამისა, შეიძლება, გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყოს ვიდეოს ყურება ხმის გარეშე. ამ დროსაც ტიტრების ქართულ ენაზე არსებობა ძალიან კომფორტულია მაყურებლისთვის.

თავის მხრივ, იუთუბერებისთვის კონტენტის შექმნის დროც საგრძნობლად მცირდება, რადგან ხელოვნური ინტელექტი ტექსტს ავტომატურად აგენერირებს და, სხვათა შორის, დროთა განმავლობაში ტიტრების ხარისხიც უფრო დახვეწა”.

თუ ჯერ არ გინახავთ ქართული ტიტრები YouTube-ზე, გადადით რომელიმე ქართველი ვლოგერის ბოლოდროინდელ ვიდეოზე და თავად შეაფასეთ სიახლე.

წყარო: marketer.ge