WordPress.com – ვებჰოსტინგის პლატფორმა, აცხადებს, რომ ამატებს ჩაშენებულ WordPress AI ასისტენტს. ახალი ფუნქცია უშუალოდ ვებსაიტში იმუშავებს, გააანალიზებს მის შინაარსს, სტრუქტურას და მფლობელებს მისცემს შესაძლებლობას, ბუნებრივი ენის ბრძანებებით შეიტანონ ცვლილებები.

ახალი ხელსაწყოს საშუალებით, შეგიძლიათ შეცვალოთ საიტის განლაგება, სტილი ან დიზაინის სხვა ელემენტები. ამისთვის AI ასისტენტს ბრძანებებს მისცემთ. ცვლილებები რეალურ დროში აისახება საიტზე მუშაობის პროცესში. როგორც კომპანია აღნიშნავს, ინსტრუქციები არ საჭიროებს ზუსტად ფორმულირებულ პრომპტებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო ზოგადი ფორმულირებები, მაგალითად: „ეს სექცია უფრო თანამედროვე და ფართო გახადე“, „ჩემი საიტის ფერები უფრო კაშკაშა და გამბედავი გახადე“ ან „შემომთავაზე უფრო სუფთა და პროფესიონალური შრიფტები“.

ასევე, შეგიძლიათ AI-ს დაავალოთ განლაგების დამატება ან შეცვლა. მაგალითად, „დაამატე საკონტაქტო გვერდი“, ან „ამ სექციის ქვემოთ დაამატე მომხმარებელთა შეფასებების ბლოკი“. თუმცა კომპანია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები მუშაობს მხოლოდ „ბლოკ-თემებთან” და არა კლასიკურ თემებთან. თუ კლასიკურ თემას იყენებთ, ასისტენტი რედაქტორში არ გამოჩნდება.

WordPress AI ასისტენტს შეუძლია საიტის კონტენტის განახლებაც. მაგალითად, ბიოს გადამუშავება უფრო თავდაჯერებული ტონით ან კონკრეტული სექციის სხვა ენაზე თარგმნა.

AI-მ ასევე შეიძლება იმუშაოს რედაქტორის მსგავსად: შეამოწმოს ფაქტები, შემოგთავაზოთ სათაურები, გრამატიკული თუ სტილისტური გაუმჯობესებები. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ბლოკ-შენიშვნების რედაქტორში, რომელიც დაემატა WordPress 6.9-ს. ამ სივრცეში შესაძლებელია გუნდთან თანამშრომლობაც.

ვიზუალურ ნაწილში დახმარებისთვის ასისტენტი იყენებს Google Gemini-ს Nano Banana AI მოდელებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შექმნათ ახალი სურათები ან დაარედაქტიროთ არსებული. Media Library-ში დამატებული ახალი ღილაკის, Generate Image-ის მეშვეობით, შეგიძლიათ მიუთითოთ სურათის მოთხოვნები, მაგალითად, პროპორციები ან სტილი.

კომპანიის განცხადებით, WordPress AI Assistant არის ნებაყოფლობითი (opt-in) ფუნქცია, რომლის ჩართვაც მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა ანგარიშში შესვლის შემდეგ გადავიდნენ Sites სიაში, დააწკაპონ საკუთარი საიტის სახელზე, შემდეგ აირჩიონ Settings. პარამეტრებში უნდა ჩამოსქროლონ „AI tools“-მდე და ჩართონ “Enable AI assistant”.

საგულისხმოა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც საიტს AI website builder-ის მეშვეობით შექმნიან, ასისტენტი ავტომატურად ჩართული ექნებათ.

www.marketer.ge