ქართული ციფრული სივრცე ბოლო წლებში სწრაფად იზრდება, თუმცა ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი დღემდე ძალიან საინტერესო იყო: „რეალურად, ვინ ფლობს .GE დომენურ სივრცეს?”
ამ საკითხზე მასშტაბური ანალიტიკური კვლევა ჩაატარა Georgia Domain Explorer-მა, რომელიც პლატფორმა GDE.ge-ს სახით მუშაობს. კვლევა აანალიზებს .GE დომენების მფლობელებს და აჩვენებს, ვის ეკუთვნის ქართულ ინტერნეტსივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული „მისამართები“.
კვლევის ავტორების თქმით, შედეგებმა რამდენიმე მოულოდნელი ტენდენცია გამოავლინა – უცხოური ინვესტიციების ზრდიდან დაწყებული, კონკრეტული ბიზნესების მიერ ონლაინნიშების დაკავებამდე.
როგორ დაიწყო კვლევა
პროექტი ორი ადამიანის მიერ შეიქმნა, იდეა კი სრულიად პრაქტიკული პრობლემიდან გაჩნდა.
„ვეძებდით მოკლე, სამასოიან .GE დომენს ჩვენი პროექტისთვის. მათი ხელით შემოწმება დიდ დროს მოითხოვდა და აღმოჩნდა, რომ ბევრი უკვე დაკავებული იყო“, – ამბობენ კვლევის ავტორები.
ამის შემდეგ გუნდმა გადაწყვიტა პროცესის ავტომატიზაცია. მათ შექმნეს სკრიპტი პროგრამირების გარემოში Node.js, რომელმაც შეამოწმა ყველა შესაძლო კომბინაცია:
- სამასოიანი დომენები – 17 576 ვარიანტი
- სამნიშნა ციფრული დომენები – 1 000 ვარიანტი
სისტემა ავტომატურად ამოწმებდა დომენებს “WHOIS” სერვერების მეშვეობით და ადგენდა, იყო თუ არა ისინი რეგისტრირებული.
ამ პროცესის შედეგად შეიქმნა მოკლე დომენების სრული ბაზა, რომელიც მოგვიანებით საჯაროდაც გამოქვეყნდა.
როგორ ჩატარდა კვლევა
შემდეგ ეტაპზე მკვლევრებმა უფრო დიდი კითხვა დასვეს: „რა მოხდებოდა, თუ .GE ზონის თითქმის ყველა დომენს შევამოწმებდით?”
დღეს .GE სივრცეში დაახლოებით 65 000 დომენია რეგისტრირებული. კვლევის ბაზა მათგან დაახლოებით 80-90%-ს მოიცავს, რაც საკმარისია ბაზრის რეალური სურათის დასანახად.
ტექნიკურად პროცესი ასე წარიმართა:
- სპეციალური ბოტი სტუმრობდა თითოეულ დომენს
- იღებდა საიტის სკრინშოტს არქივისთვის
- ინახავდა WHOIS მონაცემებს (მფლობელი, რეგისტრატორი და სხვა ინფორმაცია)
ამ გზით შეიქმნა არა მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ქართული ვებსივრცის ერთგვარი ისტორიული არქივიც.
კვლევის სამი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა
- ჩინური ინვესტიციები .GE დომენებში
კვლევამ აჩვენა, რომ ჩინელი ინვესტორები აქტიურად ყიდულობენ მოკლე და ციფრულ .GE დომენებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ხშირად მაღალი ფასით იყიდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მარტივად დასამახსოვრებელია.
- დომენების ყველაზე დიდი მფლობელი
კვლევის მიხედვით, დომენების რაოდენობით ლიდერი აღმოჩნდა კომპანია Epicsoft, რომელსაც 424 დომენი ეკუთვნის.
- ონლაინნიშების მონოპოლიზაცია
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ზოგიერთ სფეროში დომენების დიდი ნაწილი ერთ კომპანიას ეკუთვნის.
მაგალითად, ტურიზმისა და ავიაბილეთების სეგმენტში მნიშვნელოვანი მოთამაშეა Avia.ge, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებული მრავალი დომენი დაარეგისტრირა.
მკვლევართა გუნდის თქმით, მსგავსი სტრატეგია კომპანიებს საშუალებას აძლევს: დაიკავონ მთელი ონლაინნიშა, კონკურენტებს შეუზღუდონ სახელების გამოყენება, შექმნან დამატებითი ტრაფიკი SEO-სტრატეგიებისთვის
კვლევის ავტორები დომენებს ხშირად უძრავ ქონებას ადარებენ.
„წარმოიდგინეთ, რომ დომენები მიწის ნაკვეთებია. ვინც მათ ფლობს, ის აკონტროლებს მთავარ ციფრულ ქუჩებს,“ – ამბობს პროექტის ავტორი.
კომპანიები დომენებს რამდენიმე მიზეზით ყიდულობენ:
ინვესტიცია და კიბერსკვოტინგი –- მომავალში დომენის ძვირად გაყიდვა
ბრენდის დაცვა – კონკურენტებისგან სახელის დაცვა
SEO-სტრატეგია – ტრაფიკის გადამისამართება სხვადასხვა საიტზე
თუ კომპანია ან სტარტაპი დროულად არ დაარეგისტრირებს საჭირო დომენებს, შესაძლოა მომავალში ისინი ინვესტორებმა იყიდონ, კონკურენტებმა დაიკავონ ან მათი ფასი გაიზარდოს.
რა იყო კვლევის მიზანი
პროექტის მიზანია, ქართული ინტერნეტსივრცე, რომელიც სულ უფრო იზრდება და მწიფდება, მეტად გამჭვირვალე გახდეს. ასეთ პირობებში კი დომენების მიმართ ცნობიერება მაღალი უნდა იყოს.
„გვინდა, რომ GDE.ge გახდეს ქართული ინტერნეტის მთავარი ანალიტიკური და ისტორიული არქივი – ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, მარკეტერებისა და IT სპეციალისტებისთვის,“ – აცხადებენ პროექტის ავტორები.