Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი დარწმუნებული არ არის, რომ ილონ მასკთან მისი ხელჩართული ბრძოლა რეალურად გაიმართება. მილიარდერის განცხადებით, ის ბრძოლისათვის მზად არის, თუმცა თავად მასკის მხრიდან საჭირო მზაობა არ ჩანს, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ რინგზე მილიარდერების დაპირისპირება არ შედგება.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა ფიზიკური მომზადება და ვარჯიში დაიწყო, თუმცა ის რეალურად მიიღებს თუ არა ამ შოუში მონაწილეობას, დანამდვილებით არავინ იცის.
მილიარდერების დაპირისპირება ილონ მასკის პოსტით დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ Twitter-ის ანალოგის შექმნით მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს ყველა სოციალური ქსელის გაკონტროლება სურს. ზემოხსენებულ პოსტს ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა, რომელმაც ილონ მასკს უთხრა, რომ ის ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ცუკერბერგი ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშობს და ის საკმაოდ საშიში პიროვნებაა.
ამ კომენტარის საპასუხოდ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის მზადაა, ცუკერბერგს პირდაპირ რინგზე შეებრძოლოს. საპასუხოდ, Meta-ს დირექტორმა მასკის გამოწვევა მიიღო და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზად არის.