კორპორაციის Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ასევე Twitter-ის თავმჯდომარის ილონ მასკის გამოწვევა მიიღო, ისინი ერთმანეთს რინგზე შეხვდებიან. ამის შესახებ The Verge იტყობინება.

მასკმა 2023 წლის 21 ივნისს ცუკერბერგი ძალების გამოსაცდელად რინგზე მას შემდეგ მიიწვია, რაც მედიაში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Meta Twitter-ის საკუთარ ვერსიას ავითარებდა.

ამის შემდეგ ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის ანალოგის შექმნით მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს ყველა სოციალური ქსელის გაკონტროლება სურს. „დარწმუნებული ვარ, დედამიწა სულმოუთქმელად ელოდება ცუკერბერგის ერთპიროვნულ კონტროლქვეშ ყოფნას“, - წერდა მასკი.

The Verge თვლის, რომ მასკი და ცუკერბერგი ღირსეული მეტოქეები არიან, რომელთა შორის აშკარა ფავორიტი არ არის. ერთის მხრივ, 51 წლის მასკი ოპონენტზე დიდია და მისი თქმით, ახალგაზრდობაში სამხრეთ აფრიკაში ნამდვილ ქუჩის ჩხუბებში მონაწილეობდა. თავის მხრივ, 39 წლის ცუკერბერგი „ამბიციური MMA მებრძოლია", რომელმაც უკვე მოიგო ტურნირები ჯიუ-ჯიცუში.