Samsung Electronics Co. თანამშრომლებს ისეთი პოპულარული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას უკრძალავს, როგორიცაა ChatGPT. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
აკრძალვის გადაწყვეტილება Samsung-მა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ თანამშრომლებმა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე კონფიდენციალური კოდი ატვირთეს.
Samsung-მა ახალი პოლიტიკის შესახებ თავისი ერთ-ერთი უმსხვილესი განყოფილების თანამშრომლებს აცნობა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია შეშფოთებულია იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე გადაცემული მონაცემები, მათ შორის Google Bard-სა და Bing-სა, გარე სერვერებზე ინახება, რაც აღდგენას და წაშლას ართულებს და, საბოლოოდ, შეიძლება სხვა მომხმარებლებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
გასულ თვეში კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შიდა გამოყენების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა და განაცხადა, რომ გამოკითხულთა 65% მიიჩნევს, რომ ასეთი სერვისები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს წარმოადგენს. აპრილში Samsung-ის ინჟინრების მიერ ChatGPT-ზე ჩატვირთულმა შიდა კოდმა კომპანიიდან შემთხვევით გაჟონა.