სამხრეთ კორეის პარლამენტმა დაამტკიცა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების პაკეტი, რომელიც ტექნოლოგიური სტარტაპების შეფასებით, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანაში AI ინდუსტრიის განვითარებას. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანონმდებლობა სამხრეთ კორეას მსოფლიოში პირველ სახელმწიფოდ აქცევს, სადაც ხელოვნური ინტელექტი საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციეს. შეგახსენებთ, საუბარია იმ ქვეყანაზე, რომელიც გლობალური AI ინდუსტრიის სამ ლიდერ სახელმწიფოს შორის შედის და ყველაზე მეტად კომპანია Samsung-ით არის ცნობილი.

“AI-ს საბაზისო აქტი” - ასე ეწოდება რეგულაციების პაკეტს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს ავალდებულებს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას გაითვალისწინონ ადამიანის ფაქტორი და, ფაქტობრივად, AI-ს ზედამხედველი დაუნიშნონ, რომელიც მის ქმედებებს დააკვირდება და საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პროცესზე კონტროლს საკუთარ ხელში აიღებს. ეს რეგულაცია განსაკუთრებით ჯანმრთელობის, ბირთვული ენერგიის, ტრანსპორტირების, ფინანსებისა და წყლის მომარაგების სექტორებს შეეხება. ამასთან, ყველა კომპანია ვალდებული იქნება, მოსახლეობისთვის თვალსაჩინო გახადოს, თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით არის მასში ინტეგრირებული AI სისტემა.

ოფიციალურ სეულში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ისინი ინოვაციის შეზღუდვას არ ისახავენ მიზნად და რეალური შედეგი არამარტო მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მოსახლეობაში AI-სადმი შიშის შემცირება იქნება. ხელისუფლების პოზიციას არ იზიარებენ სტარტაპები, სადაც შიშობენ, რომ რეგულაციები რისკის აღებას და ამბიციური იდეების განხორციელებას ხელს შეუშლის. ამ მხრივ მათი არგუმენტი ემყარება ფაქტს, რომ დამოუკიდებელი მუშაობისას AI ყოველთვის შეიძლება შეცდეს, თუმცა ის საერთო სიკეთე, რისი მოტანაც მისი მეშვეობით შექმნილ ინოვაციას შეუძლია, სინამდვილეში ვერ გამოიცდება, თუ მუდმივად იმის შიში იარსებებს, რომ სახელმწიფო პროცესში ჩაერევა და სტარტაპს დახურავს, მის დამფუძნებლების კი დააჯარიმებს ან დააპატიმრებს.

bm.ge