მსოფლიო ლიდერებმა და ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა პარიზში გამართული სამიტის ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს.

სამიტის გახსნისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზის სამიტი ევროპისთვის ერთგვარი გამოფხიზლებაა, რათა გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ამჟამად აშშ და ჩინეთი დომინირებენ.

მაკრონმა ისაუბრა საფრანგეთში ახლად გამოცხადებულ ინვესტიციების პროექტზეც, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისთვის 109 მილიარდ ევროს ითვალისწინებს.

„ჩვენ გვჯერა ამ რევოლუციის. გვჯერა ჩვენი შესაძლებლობის, ვიმუშაოთ ერთად ღია სამყაროში, როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც არ უნდა იყოს. ვიმუშავებთ აშშ-თან ერთად – ბევრი დიდი ამერიკელი მოთამაშე აქ იმყოფება – ინვესტორები, კომპანიები, სტარტაპები. ვიმუშავებთ ჩინეთთან, ინდოეთსა და მთელ მსოფლიოსთან ერთად.

ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ სახელმწიფოს მეთაურებთან მრავალ საკითხზე მსჯელობას ვაპირებთ, ჭკვიანი რეგულაციების, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებზე… სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ ევროპა და საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტისთვის. ამ დღეებში საფრანგეთი დაამტკიცებს 109 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას მომდევნო წლებისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა სამიტის გახსნისას.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, რომელიც მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა, იქნება „უნიკალური შესაძლებლობა“ ევროპაში ტექნოლოგიური განვითარების დასაჩქარებლად.

„ამბობენ, რომ ევროპა რბოლას ჩამორჩა, მას გაასწრეს აშშ-მა და ჩინეთმა. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან ხელოვნური ინტელექტის რბოლა დასასრულისგან შორსაა. სინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისია. მივესალმები ევროპული ხელოვნური ინტელექტის ჩემპიონების ინიციატივას, რომელიც ინვესტორებისა და პროვაიდერებისგან 150 მილიარდ ევროს გვპირდება. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ინიციატივას დამატებით 50 მილიარდი ევროთი შევავსებთ. ასე რომ, ჩვენ მიზნად გვაქვს სულ 200 მილიარდი ევროს მობილიზება ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებისთვის ევროპაში. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯარო და კერძო პარტნიორობა სანდო ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მაკრონთან ერთად სამიტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მასპინძლობდა. იგი უერთდება საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევას, არ დაუშვას სექტორში აშშ-ის და ჩინეთის უპირობო პირველობა.

„ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს პოლიტიკას, ეკონომიკას, უსაფრთხოებასა და საზოგადოებასაც კი. ხელოვნური ინტელექტი წერს კაცობრიობის კოდს ამ საუკუნისთვის. ბევრი შიშობს სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამო საქმე არ ქრება. იცვლება მისი ბუნება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ხალხის უნარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხელოვნური ინტელექტის მომავლისთვის“, – ამბობს ნარენდრა მოდი.

სამიტს ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. საფრანგეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაჭარბებულმა რეგულაციებმა, შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეაფერხოს. მისი თქმით, ნდობის შესაქმნელად საჭიროა საერთაშორისო რეგულაციები, რომლებიც კი არ შებოჭავს, არამედ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და ევროპელები სიახლეს გადაჭარბებული სიფრთხილის ნაცვლად, ოპტიმიზმით უნდა შეხვდნენ.

ტრამპის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამერიკაში განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები თავისუფალი იყოს იდეოლოგიური მიკერძოებისგან და არასოდეს შეზღუდოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს – თავად იფიქრონ, განავითარონ საკუთარი იდეები და თავისუფლად იმსჯელონ ერთმანეთთან.

ვხედავთ, როგორ იყენებენ ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ხელოვნურ ინტელექტს ისტორიის გადასაწერად, მომხმარებლების თვალთვალისთვის თუ ცენზურის მიზნით. ეს ახალი არ არის. ისევე როგორც სხვა ტექნოლოგიები, ზოგიერთმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ხელოვნური ინტელექტი სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების შელახვის მიზნით საკუთარი სამხედრო დაზვერვისა და სათვალთვალო შესაძლებლობისთვის გამოიყენა. მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენი ადმინისტრაცია სრულად დაბლოკავს მსგავს მცდელობებს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

10-11 თებერვლის პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტის დახურვისას ემანუელ მაკრონმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორი „წესებს საჭიროებს“, რათა ადამიანებმა ახალი ტექნოლოგიის ნდობა შეძლონ. მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპისთვის ე.წ. „მესამე გზის“ აუცილებლობას, რომელიც მას აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულებას აარიდებს.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია