2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია.

დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლება მოსალოდნელი იყო, რადგან გასულ წლებში სექტორში არსებული ბუმი დიდწილად მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა.

როგორც ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, უკვე მიმდინარე წლიდან ამ მიმართულებით სექტორის შემოსავლების დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

„2023 წელი წელი პიკური იყო და ისტორიულ მაქსიმუმამდე იყო IT სექტორის შემოსავალი შემცირებული. მოლოდინი იყო, რომ 2024-ში ეს მაჩვენებელი შემცირდებოდა. წელსაც ინდუსტრიაში მოლოდინია, რომ შესაძლოა, შემცირება იყოს, თუმცა სტაბილურ ნიშნულს მიაღწევს და ეს ეფექტი უკვე აღარ იქნება განპირობებული მიგრანტების რელოკაციით განპირობებული, რაც ომის ფაქტორს უკავშირდებოდა“ , - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

ამასთან, ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო IT კომპანიები სარგებლობენ, ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიებზეც გავრცელდეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, როგორც ასოციაციას, რომ ის შეღავათები, რაც საერთაშორისო კომპანიებზეა გავრცელებული, მთლიან სექტორზე უნდა გავრცელდეს, რაც დამატებით ბიძგს მოუტანს სექტორს და ამით უკვე ქართული კომპანიებიც ისარგებლებენ. ამას უკვე ეფექტი ექნება არამხოლოდ ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებზე, არამედ მთლიანად ეკონომიკაზე. საერთაშორისო კომპანიებს არ აქვთ უფლება, რომ ადგილობრივ ბაზარს მოემსახურონ, ხოლო ქართული კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ემსახურებიან, დამატებით 15%-იან იხდიან და ეს მათ მომსახურებას აძვირებს. ამიტომ ბევრი ქართული კომპანია მიდის და ამ IT მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდულობს. ამ რეფორმით არამხოლოდ IT დარგის, არამედ ზოგადად ეკონომიკის ზრდას შეეწყობა ხელი“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

bm.ge