Reuters ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული კოსმოსური სატელიტი, რომელსაც აშშ-ს ოფიციალური პირები რუსეთის ბირთვული ანტისატელიტური იარაღის პროგრამას უკავშირებენ, როგორც ჩანს, უკონტროლოდ ბრუნავს და შესაძლოა, ვეღარ ფუნქციონირებდეს.
გამოცემის მიხედვით, "კოსმოს-2553" სატელიტი, რომლის კავშირსაც რუსეთი თავის კოსმოსური იარაღის მცდელობებთან უარყოფს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო გაშვებული.
გამოცემა წერს, რომ სატელიტმა გასულ წელს გამოიწვია აშშ-ის ბრალდებები, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ავითარებდა ბირთვულ კოსმოსურ იარაღს, რომელიც აფეთქებით დედამიწის დაბალ ორბიტაზე ასობით სატელიტს გაანადგურებდა, მაგალითად, SpaceX-ის Starlink-ის ინტერნეტ სისტემას, რომელსაც უკრაინული ჯარები იყენებენ.
Reuters კომპანია LeoLabs-ის კოსმიური რადარის მონაცემებზე და Slingshot Aerospace-ის ოპტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასული წლის განმავლობაში, "კოსმოს-2553"-ს ჰქონდა შემთხვევები, როცა ის სპონტანურად ბრუნავდა.
2024 წლის დეკემბერში, LeoLabs-ის დაკსვნის შესაბამისად, სატელიტი უწყვეტ ბრუნვას განიცდიდა.
"ეს დაკვირვება მტკიცედ მიუთითებს, რომ სატელიტი აღარ არის ოპერატიული" - თქვა ვაშინგტონში დაფუძნებულმა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა (CSIS) თავის წლიურ ანგარიშში.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის კოსმოსური სარდლობა, რომელიც აკვირდება ორბიტაზე არსებულ ობიექტებს და წარსულში რუსეთის სამხედრო სატელიტებს აკრიტიკებდა, "კოსმოს-2553"-ის სიმაღლეში ცვლილებები შეამჩნია.
მიუხედავად ამისა, გამოცემა წერს, რომ ბოლო დაკვირვებების მიხედვით, რომლის ავტორი კომპანია არის Slingshot, რომელიც 2022 წლიდან აღნიშნულ სატელიტს აკვირდება, როგორც ჩანს, "კოსმოს-2553" უკვე სტაბილურ მდგომარეობაშია.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ "კოსმოს-2553" "მეცნიერული კვლევისთვისაა განკუთვნილი," თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები ამას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. კრემლს ადრეც უარუყვია, რომ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებდა.
წყარო: tabula.ge