გერმანელები წარმატებულ გამომგონებლებად ითვლებიან - მათ გამოიგონეს საბეჭდი მანქანა, ავტომობილი და რენტგენის აპარატი, რომ აღარაფერი ვთქვათ MP3-სა და ჟელეს დათუნიებზე. ქვეყანა დღესაც აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ტექნოლოგიურ პროგრესში. მხოლოდ 2024 წელს ქვეყანამ საერთაშორისო პატენტის 16 700-ზე მეტი განაცხადი შეიტანა.

თუმცა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ოფისის (WIPO) მიერ გამოქვეყნებული 139 ეკონომიკის ახალი გლობალური რეიტინგის თანახმად, გერმანია აღარ შედის მსოფლიოს 10 ყველაზე ინოვაციურ ქვეყანას შორის. ის ჩინეთმა ჩაანაცვლა.

WIPO-ს გლობალური ინოვაციების ინდექსის შესადგენად 78 ინდიკატორი გამოიყენება. ეს ინდიკატორები მოიცავს როგორც შემავალ მონაცემებს (მაგალითად, კვლევისა და განვითარების ხარჯები), ასევე გამომავალ მონაცემებს (პატენტები და მაღალტექნოლოგიური ექსპორტი). ინდექსის მიზანია, ასახოს არა მხოლოდ გამოგონებები, არამედ ქვეყნის ინსტიტუტების სიძლიერე, ბაზრების დახვეწილობა და ტექნოლოგიების დანერგვის პროგრესი.

წელს, პირველი ადგილი, ისევე როგორც გასულ წელს, შვეიცარიამ დაიკავა. მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა, ხოლო მესამეზე - ამერიკა.

ჩინეთს უზარმაზარი მოსახლეობა და გაცილებით დიდი ეკონომიკა აქვს, ვიდრე გერმანიას (18.9 ტრილიონი დოლარი გერმანიის 4.7 ტრილიონ დოლართან შედარებით). მას შეუძლია მეტი ინჟინრის მომზადება, კვლევებზე მეტის დახარჯვა და მეტი უნივერსიტეტის შენარჩუნება. გასაკვირი არ იქნება, თუ აბსოლუტური მაჩვენებლების მიხედვით, ის გერმანიას გადააჭარბებს.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ათეული გამოიყურება ასე:

  • 1. შვეიცარია
  • 2. შვედეთი
  • 3. ამერიკის შეერთებული შტატები
  • 4. კორეის რესპუბლიკა
  • 5. სინგაპური
  • 6. გაერთიანებული სამეფო
  • 7. ფინეთი
  • 8. ნიდერლანდები (სამეფო)
  • 9. დანია
  • 10. ჩინეთი

წყარო: economist.com  bpn.ge