ფინანსური ანგარიშებისა და პრეზენტაციების სამყაროში ხელოვნური ინტელექტის ბუმის საბოლოო მიზანს ხშირად „ხელოვნურ ზოგად ინტელექტს“ (AGI), სუპერინტელექტს უწოდებენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ჩვენ სულ სხვა რამ გვჭირდება ციფრული ასისტენტი, რომელსაც არა მხოლოდ ესმის ჩვენი, არამედ შეუძლია მყისიერად შეასრულოს საქმე. ბოლო თვეებში ამ ფრონტზე სერიოზული პროგრესი შეინიშნება. CES-ზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა Lenovo-მ წარმოადგინა Qira – მუდმივად ჩართული AI, რომელიც კომპანიის მოწყობილობებში ინტეგრირდება. მთავარი ინოვაცია ისაა, რომ ასისტენტი ახლა „აგენტების დირიჟორის“ როლს ასრულებს. ის მომხმარებლის მოთხოვნებს, საჭიროებისამებრ, შეუფერხებლად ამისამართებს ChatGPT-თან, Perplexity-სა თუ სხვა სერვისებთან. Lenovo-ს ამის გაკეთება მარტივად შეუძლია, რადგან ის ამ პლატფორმებს არ ეჯიბრება – Qira ფასილიტატორია და არა „ყველაფრის მცოდნე“ სერვისი. როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას Apple-მაც აუღო ალღო, რაც დასტურდება ინფორმაციით Google-ის Gemini-ს მოდელების Siri-ში ინტეგრაციის შესახებ. თუ ადრე Apple პარტნიორებზე დამოკიდებულებას ერიდებოდა, ახლა „ორკესტრირების“ ხედვა უფრო მკაფიო გახდა.

ასისტენტები აგენტებად გარდაიქმნებიან

ამ ყველაფერს ემატება ისეთი „აგენტური“ ინსტრუმენტები, როგორიცაა Claude Code და Claude Coworker. ტექნოლოგიურ სამყაროში მათ გარშემო ატეხილი ხმაური საფუძვლიანია, რადგან მათ კოდის წერასა და ვებგვერების აწყობაზე გაცილებით მეტი შეუძლიათ. ესენი არიან ეფექტური აგენტები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ინსტრუქცია, გარდაქმნან ის გეგმად და შეასრულონ მინიმალური ჩარევის გარეშე. იქნება ეს ოპერაციულ სისტემაში (როგორც Qira/Siri) თუ დესკტოპ აპლიკაციაში, შედეგი იგივეა: გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად უახლოვდება იმ ინტერფეისს, რომელსაც ადამიანი იყენებს.

მომხმარებლები სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ Coworker-თან მუშაობა უფრო კოლეგასთან თანამშრომლობას ჰგავს, ვიდრე AI-სთვის „პრომპტების“ წერას. თუმცა, ამას ახალი შიშებიც ახლავს: კომპანია Anthropic მომხმარებლებს უსაფრთხოების რისკებზე აფრთხილებს – მაგალითად, ბუნდოვანმა ინსტრუქციამ შეიძლება ფაილების წაშლა გამოიწვიოს. ეს ბუნებრივია, რადგან მოდელს უკვე მოქმედება შეუძლია და არა მხოლოდ საუბარი.

ყველაფერი ერთი მიმართულებით მიდის: მალე მოწყობილობებთან ინტერაქციის დიდი ნაწილი აგენტებისთვის დავალებების მიცემა იქნება. არანაირი აპლიკაციები, არანაირი ბრაუზერი – მხოლოდ შედეგი.

გამოწვევა მედიისთვის

ეს ცვლილებები უზარმაზარ გავლენას მოახდენს მედიასა და ბრენდებზე. მომავალ წელს საინფორმაციო სივრცეში მთავარი ბრძოლა კონტექსტისთვის გაიმართება. სამუშაო სივრცეში გადაწყვეტილების მიმღები აგენტის ჩაშენება პროცესების დიდი აქსელერატორია, თუმცა აჩენს კითხვებს მონაცემთა წვდომასა და კონფიდენციალურობაზე.

მედია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშეა, რადგან მათი ბიზნესი ინფორმაციაა. ჰალუცინაციების ანუ AI-ს მიერ ფაქტების გამოგონების რისკი კვლავ აფერხებს ნიუსრუმებს. მაგრამ სამუშაო სივრცის აგენტები უფრო ფარულ საფრთხეს შეიცავს. AI აქ კონტენტს კი არ ქმნის, არამედ იღებს გადაწყვეტილებებს – რომელ წყაროს დაეყრდნოს, რომელი სერვისი გამოიყენოს და კომპანიის რა ცოდნა გამოიყენოს ამა თუ იმ მოთხოვნისთვის.

მართვისა და აუდიტის აუცილებლობა

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებები მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი უნდა იყოს, აუცილებელია არსებობდეს აუდიტირებადი კვალი. უნდა ვიცოდეთ, საიდან იღებს აგენტი კონტექსტს ვებიდან და რომელი სერვისებისგან. მარტივი კითხვისას – „რატომ გააკეთე ეს?“ – მომხმარებელს უნდა შეეძლოს მიზეზების ჩაღრმავება და ნებისმიერი მიკერძოების კორექტირება. მხოლოდ დისქლეიმერი საკმარისი აღარ არის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მმართველობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Qira და Claude Coworker შესაძლოა ნამდვილი AI ასისტენტების ახდენილი ოცნებაა, მაგრამ ამ პოტენციალს სიფრთხილე სჭირდება. ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს საოცრებების ჩადენა შეუძლია, მაგრამ მას ყოველთვის ვერ ვენდობით. ორგანიზაციებმა აგენტების ერაში შესასვლელად ძველი ანდაზა უნდა გაიხსენონ – „ენდე, მაგრამ შეამოწმე“.

წყარო: Fastcompany

www.marketer.ge