ევროპა ავტონომიური ტრანსპორტის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მას შემდეგ, რაც რობოტაქსებმა ამერიკისა და ჩინეთის არაერთ ქალაქში ყოველდღიური ტრანსპორტის ნაწილად იქცნენ, ევროკავშირი პროცესის დაჩქარებას და ტექნოლოგიის ფართომასშტაბიან დანერგვას ცდილობს. ამ მიზნით 18 ევროპულმა ქვეყანამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი, რომელიც ავტონომიური ავტომობილების ტესტირების, სერტიფიცირებისა და რეგულირების საერთო ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.

წლების განმავლობაში ევროპა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთს. მთავარი მიზეზი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციები, ნებართვების გაცემის რთული პროცედურები და მონაცემთა დამუშავების განსხვავებული მოთხოვნები იყო. შედეგად, კომპანიებს ავტონომიური ტრანსპორტის ერთ ქვეყანაში წარმატებით გამოცდის შემდეგ სხვა სახელმწიფოში პროცედურების თავიდან გავლა უწევდათ, რაც ტექნოლოგიის გავრცელებას აფერხებდა. ახალი ინიციატივის მიზანი სწორედ ამ ბარიერების შემცირებაა.

ევროკავშირის ტრანსპორტის კომისრის, აპოსტოლოს ციციკოსტასის მხარდაჭერით გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საერთო წესების შემუშავებას, ტესტირების პროცედურების ჰარმონიზაციასა და საზღვრებს შორის კოორდინირებულ საცდელ პროექტებს. ინიციატივაში მონაწილეობენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვედეთი და სხვა სახელმწიფოები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არა მხოლოდ სამგზავრო ტრანსპორტზე, არამედ ლოგისტიკაზე, სატვირთო გადაზიდვებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.

პარალელურად, ევროპაში უკვე იწყება პირველი რეალური კომერციული პროექტები. ლონდონში Uber-მა და ბრიტანულმა კომპანია Wayve-მ ავტონომიური ტაქსების სერვისისთვის მომხმარებელთა რეგისტრაცია გახსნეს. სერვისი რეგულატორის საბოლოო თანხმობის შემდეგ ამოქმედდება და თავდაპირველად ავტომობილებში უსაფრთხოების ოპერატორები იქნებიან წარმოდგენილი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფართო საზოგადოებას დიდ ბრიტანეთში რობოტაქსის გამოძახება შეეძლება.

ევროპული ბაზრის მიმართ ინტერესი მხოლოდ ადგილობრივ მოთამაშეებს არ აქვთ. ჩინური კომპანიები Baidu, Pony.ai და WeRide უკვე ამზადებენ ევროპულ ექსპანსიას. Baidu-ის Apollo Go, რომელიც ჩინეთში მილიონობით მგზავრობას ასრულებს, 2026 წლიდან ბრიტანეთსა და გერმანიაში საპილოტე პროგრამების დაწყებას გეგმავს. Pony.ai-მ კი Stellantis-თან პარტნიორობით ევროპული ბაზრისთვის სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა.

რობოტაქსების ეკონომიკური პოტენციალი უზარმაზარია. სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებით, გლობალური რობოტაქსების ბაზარი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ასეულ მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მთავარი ეკონომიკური ეფექტი დაკავშირებულია ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან, ავტომობილების უფრო ეფექტიან გამოყენებასთან და ავარიების რაოდენობის კლებასთან. ავტონომიური სისტემები დღე-ღამეში გაცილებით მეტ საათს მუშაობენ, ვიდრე ჩვეულებრივი ტაქსები, რაც თითოეული ავტომობილის ეკონომიკურ ეფექტიანობას ზრდის.

მეორე მხრივ, ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი სოციალური გავლენაც ექნება. ევროპის ტრანსპორტის სექტორში ასობით ათასი ადამიანი მუშაობს როგორც ტაქსის, ისე სატვირთო ავტომობილის მძღოლად. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ სრულმასშტაბიანი ავტომატიზაცია მომავალ წლებში ამ პროფესიის დიდი ნაწილის ტრანსფორმაციას გამოიწვევს. ზოგიერთი შეფასებით, ავტონომიური ტრანსპორტის ფართო გავრცელების შემთხვევაში მძღოლებთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი რისკის ქვეშ აღმოჩნდება, თუმცა პარალელურად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები პროგრამული უზრუნველყოფის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით.

ევროპისთვის საკითხი მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნაწილი აღარ არის. ბოლო წლებში ევროკავშირში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ თუ კონტინენტი ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებით ჩამორჩება, მომავლის მობილობის ბაზარს ამერიკული და ჩინური კომპანიები სრულად დაიკავებენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს შექმნას ერთიანი ბაზარი, სადაც ავტონომიური ავტომობილების განვითარება ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც ელექტრომობილების შემთხვევაში მოხდა.

ევროპის სტრატეგიული ამოცანა მხოლოდ რობოტაქსების გზებზე გამოჩენა არ არის. მთავარი მიზანია, რომ მომავლის მობილობის ეკონომიკური სარგებელი, ინოვაცია, სამუშაო ადგილები და ტექნოლოგიური ცოდნა თავად ევროპაში დარჩეს. სწორედ ამიტომ მომდევნო რამდენიმე წელი გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა ევროპა აშშ-ისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში ავტონომიური ტრანსპორტის გლობალურ რბოლაში საკუთარი პოზიციის გამყარებას.

წყაროები: