Amazon-მა ცოტა ხნის წინ შიდა რეიტინგების სისტემა გააუქმა, რომელიც თანამშრომლების მიერ ტოკენების მოხმარებას აკონტროლებდა. აღმოჩნდა, რომ პროცესის ამგვარმა გეიმიფიკაციამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესრულებული ამოცანების რაოდენობა კი გაზარდა, მაგრამ რეალური, სასარგებლო შედეგები შეამცირა. კომპანიის ხელმძღვანელობამ გუნდს პირდაპირ მოუწოდა, არ გამოიყენონ ტექნოლოგია მხოლოდ მისი გამოყენების ილუზიის შესაქმნელად.
თუმცა, Amazon გამონაკლისი არ არის. Uber-მა ხელოვნური ინტელექტის კოდირების ბიუჯეტი სულ რაღაც ოთხ თვეში სრულად ამოწურა, ხოლო Google-ში ტოკენების მოხმარება ერთ წელში შვიდჯერ გაიზარდა. Meta, Microsoft და Salesforce ასევე აქტიურად ცდილობენ ამ საოპერაციო ხარჯების შეზღუდვას. რეალობა მარტივია: როდესაც არასწორ სტიმულებს ქმნით, შედეგიც შესაბამისად არასწორია.
დღეს ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს უამრავი ახალი კორპორაციული ჟარგონი ახლავს. კომპანიების ხელმძღვანელები პროგრესულობის დასამტკიცებლად ხშირად ისეთ ტერმინებს იყენებენ, როგორიცაა ტოკენების რაოდენობა ერთ მოთხოვნაზე, ინფერენსის ღირებულება თუ ვიდეობარათების მუშაობის საათები. ტოკენები ბიზნესისთვის ახალ ნავთობად გამოაცხადეს და ე.წ. „ტოკენმაქსინგი“ პროდუქტიულობის მთავარ საზომად იქცა.
თუმცა, კომპანიებმა ზუსტად იციან, რა ჯდება ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ, მოაქვს თუ არა მას რეალური სარგებელი – ზრდის თუ არა შემოსავალს, აჩქარებს თუ არა გადაწყვეტილებების მიღებას და ქმნის თუ არა ხელშესახებ კონკურენტულ უპირატესობას. ციფრული დეშბორდები სულ უფრო იხვეწება, თუმცა რეალური ფინანსური უკუგება ხშირად უცვლელი რჩება.
რას აფერხებს ხარჯებზე ფოკუსირება
ფინანსური ლიდერების ფოკუსი დღეს მთლიანად AI ხარჯებისკენ არის მიმართული. Deloitte-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიურ ბიუჯეტებში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინვესტიციაა და მხოლოდ ინფერენსის ხარჯები ორგანიზაციული ბიუჯეტების სულ უფრო დიდ ნაწილს შთანთქავს. თუმცა, ხარჯების კონტროლი არ უნდა ავურიოთ ტექნოლოგიის მიერ შექმნილ რეალურ ღირებულებაში, რადგან სწორედ აქ იკარგება ხელოვნური ინტელექტის მთავარი პოტენციალი.
McKinsey-ის მიხედვით, ორგანიზაციების ხელმძღვანელების 64% მიიჩნევს, რომ AI მათ ინოვაციებში ეხმარება, მაგრამ მხოლოდ 39%-ს შეუძლია აჩვენოს მისი რეალური გავლენა საოპერაციო მოგებაზე. სხვა კვლევებიც მსგავს სურათს აჩვენებს, რომ გვაქვს გრანდიოზული ინვესტიციები, მასშტაბური ექსპერიმენტები, თუმცა რეალური ბიზნეს უკუგება კვლავ მინიმალურია. კომპანიები სულ უფრო მეტად აუმჯობესებენ ხარჯვის კონტროლს, მაგრამ კვლავ ბუნდოვანია, რას იღებენ სანაცვლოდ.
რატომ არ მუშაობს ღრუბლოვანი სერვისების ძველი მოდელი?
ღრუბლოვანი სერვისების ძველი ეკონომიკისგან განსხვავებით, სადაც ხარჯები და ბიზნესაქტივობა ხაზოვნად, ერთმანეთის პარალელურად იზრდებოდა, ხელოვნურ ინტელექტს სრულიად სხვა ლოგიკა აქვს. მცირე რაოდენობის ტოკენებმა შეიძლება ისეთი უნიკალური ანალიტიკური მიგნება მოგცეთ, რაც მსხვილი კლიენტის შენარჩუნებაში, რისკების მართვაში ან კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
მეორე მხრივ, უზარმაზარმა ტოკენების ბიუჯეტმა შეიძლება აბსოლუტურად უსარგებლო, უხარისხო კონტენტი აწარმოოს. როდესაც ლიდერები მხოლოდ ტოკენების მოხმარებაზე ორიენტირდებიან, ისინი ოპტიმიზაციას უკეთებენ არა მაღალ ღირებულებას, არამედ მარტივ, უშედეგო საოპერაციო პროცესებს, რაც AI-ს მასშტაბირების მთავარ გამოწვევად იქცევა.
როგორ უნდა შეფასდეს AI რეალურად?
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ყველაზე მომწიფებული კომპანიები ერთმანეთისგან მკაფიოდ მიჯნავენ ტექნოლოგიის თვითღირებულებასა და მის მიერ მოტანილ ბიზნესშედეგებს. პირველი ნაწილი ფინანსურ დისციპლინას ეხება – მოდელების სწორად შერჩევას, ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ვენდორების მართვას, რაც ხარჯების კონტროლისთვის აუცილებელია. თუმცა, ნამდვილი უკუგება მეორე კატეგორიაშია, რომელიც ბევრ ორგანიზაციას უბრალოდ ავიწყდება.
რეალური ეფექტურობის შესაფასებლად კომპანიებმა უნდა დასვან კონკრეტული ბიზნესკითხვები იმის შესახებ, შეამცირა თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა მომხმარებელთა პრობლემების მოგვარების ღირებულება, დააჩქარა თუ არა გაყიდვების ციკლი, გამოათავისუფლა თუ არა ადამიანური რესურსი, გაზარდა თუ არა მარჟა კონკრეტულ პროცესებში და დაეხმარა თუ არა ბრენდს კონკურენტებზე სწრაფად მოქმედებაში.
მთავარი კითხვაა არა ის, თუ როგორ შევამციროთ ტოკენების ხარჯი, არამედ ის, თუ რა ბიზნესღირებულებას ვიღებთ ინტელექტში გადახდილი ყოველი დოლარისგან. Amazon Ads-ის მენეჯმენტშიც ადასტურებენ, რომ ბრენდების მთავარი მიზანი ყოველთვის სწორი აუდიტორიის მიღწევა და მაღალი ბიზნესშედეგების მიღებაა, თუმცა შეთავაზებების მრავალფეროვნების ფონზე, კომპანიებს პირველ რიგში პროცესების მაქსიმალური გამარტივება სჭირდებათ.
ტოკენების მათემატიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ მან ყურადღება არ უნდა გადაგატანინოთ მთავარი კითხვიდან – ღირს თუ არა საერთოდ ეს ინვესტიცია თქვენი კონკრეტული ქეისებისთვის? გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვებენ არა ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო თუ საოპერაციო ბიუჯეტიდან ყოველ ცენტს დაზოგავენ, არამედ ისინი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად, ბარიერების მოსახსნელად და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად გამოიყენებენ, რაც დროთა განმავლობაში მათ უპირატესობას გააორმაგებს. ბიზნესს არაფერში სჭირდება იდეალურად ოპტიმიზებული ხარჯები და ბრწყინვალე დეშბორდები, თუ მათი რეალური ფინანსური უკუგება ნულის ტოლია.
წყარო: Fastcompany; marketer.ge