პოლიტიკის ექსპერტების ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდიის ყიდვის იდეა ბევრისთვის ხუმრობად აღიქმებოდა, ამ ნაბიჯში გარკვეული სტრატეგიული გათვლები არსებობს. დონალდ ტრამპმა კარგად იცის, რომ გრენლანდია გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო უპირატესობა. ამასთან, ეს იდეა შესაძლოა უბრალოდ პოლიტიკური მანევრი იყო, რომელიც ტრამპის უნიკალური სტილის ნაწილს წარმოადგენს- გაბედული, თუმცა ხშირად კონფლიქტური და სენსაციური.
გეოპოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გრენლანდიის შემოერთებით ამერიკა ხელოვნური ინტელექტის ჰაბი გახდება.
რატომ გრენლანდია? იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გამო, მსოფლიოში მნიშვნელოვნად იზრდება მონაცემთა დამუშავების სიმძლავრეების მოთხოვნა. ამასთან ერთად, იზრდება ელექტროენერგიის მოთხოვნაც. გრენლანდია არის მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულია, 2.2 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობით, ოთხჯერ მეტი, ვიდრე უკრაინა, ასევე, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად დასახლებული ტერიტორია - მხოლოდ 55,000 მცხოვრებით. კუნძული ზუსტად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გასაყარზე მდებარეობს, რაც იდეალური ადგილია მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად.
„კომერსანტი“ შეეცადა, სხვადასხვა მოსაზრება გაეერთიანებინა და ჩამოეწერა ის მიზეზები, რის გამოც ტრამპი დანიის ყინულოვანი მიწა განსაკუთრებით აინტერესებს.
- გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობა
გრენლანდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ანტარქტიკაზე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, მნიშვნელოვანი სამხედრო და სტრატეგიული პოზიციით სარგებლობს. მის ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი სამხედრო ბაზა - ტულეს საჰაერო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩრდილოეთის საჰაერო სივრცის მონიტორინგსა და თავდაცვაში.
გრენლანდიის კონტროლი აშშ-ს მისცემს საშუალებას, გააძლიეროს გავლენა არქტიკის ზონაში და დაიკავოს მოწინავე პოზიცია ამ რეგიონში, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგად სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
- ბუნებრივი რესურსები
გრენლანდია ცნობილია თავისი ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის იშვიათი მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის. აქ არის ნავთობის, გაზის და ურანის მოპოვების პოტენციალი. კლიმატის ცვლილება და ყინულის დნობა ამ რესურსების მოპოვებას უფრო რეალურს ხდის.
- ენერგეტიკული ჰაბი და ინფრასტრუქტურული პოტენციალი
გრენლანდია იდეალური ადგილია არა მხოლოდ რესურსების მოპოვებისთვის, არამედ ენერგეტიკული ჰაბის შესაქმნელად. გრენლანდიის ცივი კლიმატი მას შესანიშნავ ადგილად აქცევს მონაცემთა ცენტრების გასაშენებლად, რომლებიც მინიმალური ხარჯებით უზრუნველყოფენ გაგრილებას.
გარდა ამისა, ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ატომური ელექტროსადგურების ასაშენებლად, რომლებიც ელექტროენერგიას მიაწვდიან როგორც ევროპას, ასევე აშშ-ს. მანძილი გრენლანდიასა და ამ რეგიონებს შორის საკმარისად მცირეა, რათა ენერგიის ტრანსპორტირების დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდეს — მხოლოდ 3-5%.
- არქტიკის ეკონომიკური მნიშვნელობა
კლიმატის ცვლილება არქტიკაში ყინულის დნობას იწვევს, რაც ახალ სავაჭრო მარშრუტებს ხსნის. არქტიკა ხდება ეკონომიკური აქტივობების ახალი ცენტრი და გრენლანდიის კონტროლი აშშ-ს ამ პროცესებში ლიდერობას მიანიჭებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, როდესაც სხვა სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, აქტიურად ცდილობენ გავლენის გაზრდას ამ რეგიონში.
- პოლიტიკური მანევრები და პიარი
გრენლანდიის ყიდვის იდეა შეიძლება გამოყენებულიყო როგორც პიარის ინსტრუმენტი, რომელიც მის ამომრჩეველს ყურადღებას სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადაატანინებს. ეს განცხადება ასევე აჩენს "დიდი ლიდერის" იმიჯს.