Apple-ისთვის 2025 წელი, ჰარდვეარის თვალსაზრისით, შედარებით ერთფეროვანი გამოდგა. მართალია, კომპანიის პროგრამულმა უზრუნველყოფამ – მათ შორის iOS, macOS, tvOS და watchOS-ის „26-ე“ ვერსიებმა – მნიშვნელოვანი ვიზუალურ განახლება მიიღო, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, ბაზარზე მხოლოდ ერთი სრულიად ახალი პროდუქტი, iPhone Air ვიხილეთ. თუმცა, 2026 წელი რადიკალურად განსხვავებული იქნება. მოსალოდნელია როგორც არსებული პროდუქტების განახლება, ისე სრულიად ახალი მოწყობილობების წარდგენა, სადაც მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტზე გაკეთდება.
წლის კიდევ ერთი მოსალოდნელი სიახლე, დასაკეცი აიფონია, რომელსაც არაოფიციალურად iPhone Fold-ს უწოდებენ. ეს იქნება Apple-ის პირველი ორეკრანიანი სმარტფონი, რომელიც წიგნის ფორმას მიიღებს. მართალია, ტექნიკურ მახასიათებლებზე ჯერ მხოლოდ ჭორები ვრცელდება, თუმცა დიდი ალბათობით, მოწყობილობას ექნება ინდუსტრიაში პირველი ეკრანი გადაბმის ხილული კვეთის გარეშე. გაშლილ მდგომარეობაში ის დაახლოებით 7.5 ინჩი იქნება, ხოლო დაკეცილი წინა ეკრანი – 5.5 ინჩი. ეს Apple-ისთვის სრულიად ახალი კატეგორიაა და ექსპერტების აზრით, ტექნოლოგიური გიგანტის ამ ბაზარზე შესვლა დასაკეც ტელეფონებს მასობრივი მოხმარების საგნად აქცევს. მის დებიუტს შემოდგომაზე უნდა ველოდოთ.
განახლება გველის MacBook-ების მიმართულებითაც. მოგეხსენებათ, Apple-ის ლეპტოპები საკმაოდ ძვირია – ყველაზე იაფი მოდელის, MacBook Air-ის ფასი 999 დოლარიდან იწყება, მაგრამ წელს ეს რეალობა შეიცვლება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია დაბალბიუჯეტურ, 13.6-ინჩიან MacBook-ს გამოუშვებს. მისი მთავარი უნიკალურობა პროცესორშია – ეს იქნება პირველი მაკბუქი, რომელიც არა M-სერიის, არამედ A-სერიის ჩიპზე იმუშავებს, ზუსტად ისეთზე, როგორიც აიფონებშია. ამ სვლის მთავარი მიზანი ფასია – Apple გეგმავს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბიუჯეტურ ლეპტოპებს, როგორიცაა Google Chromebook და ახალი მოწყობილობა დაახლოებით 700 დოლარის ფარგლებში შესთავაზოს მომხმარებელს.
ჰარდვეარის გარდა, ცვლილებებია ციფრული ასისტენტის მიმართულებითაც. გაზაფხულზე, ოპერაციული სისტემების განახლებასთან ერთად, ახალი Siri გამოვა, რომელიც დიდ ენობრივ მოდელზე (LLM) იქნება დაფუძნებული, ChatGPT-ისა და Gemini-ს მსგავსად. სწორედ ეს განახლებული სირი გახდება კიდევ ერთი ახალი მოწყობილობის, ე.წ. HomePad-ის მამოძრავებელი ძალა. არ აგერიოთ HomePod-ში – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება ჭკვიანი დინამიკისა და სენსორული ეკრანის ჰიბრიდი, რომელიც სახლის მართვის ცენტრად მოიაზრება. „ჭკვიანი მაგიდის მოწყობილობა“ საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ FaceTime ზარები და მართოთ სახლის ყველა სმარტ-გაჯეტი. სავარაუდოდ, ეს პროდუქტიც გაზაფხულის ბოლოს გამოჩნდება და Apple-ის პირველი მოწყობილობა იქნება, რომელიც სპეციალურად საოჯახო AI ასისტენტად შეიქმნა.
სახლის თემას აგრძელებს განახლებული Apple TV 4K-ც, რომელსაც 2022 წლის შემდეგ აფდეითი არ განუცდია და მისი A15 ჩიპი უკვე მოძველებულად ითვლება. ახალი მოდელი A18 ან უფრო ახალი ჩიპით აღიჭურვება, რაც მას კონსოლის ხარისხის თამაშების გაშვების შესაძლებლობას მისცემს. ჩიპს ექნება ახალი Siri-ის მხარდაჭერა, რაც Apple TV-ში ხელოვნურ ინტელექტს პირველად შემოიყვანს.
ამას გარდა, გაზაფხულზე ველოდებით ბიუჯეტურ iPhone 17e-ს (გასული წლის 16e-ს მემკვიდრეს), ხოლო შემოდგომაზე – iPhone 18 Pro სერიას, iPhone Fold-თან ერთად. საინტერესოა, რომ სტანდარტული iPhone 18-ის გამოსვლა შესაძლოა 2027 წლის გაზაფხულამდე გადაიდოს, რადგან Apple გამოშვების ახალ, გადანაწილებულ გრაფიკზე გადადის. ასევე იგეგმება iPad Air-ის გადაყვანა M5 ჩიპზე და განახლებული iPad Mini-სა თუ საბაზისო iPad-ის წარდგენა. M5 ჩიპით აღიჭურვება მაკების ხაზიც: MacBook Air, MacBook Pro, Mac Mini და iMac. სავარაუდოდ, ვიხილავთ მეორე თაობის AirTag-საც, გაზრდილი სიზუსტითა და მოქმედების არეალით.
წყარო: Fastcompany www.marketer.ge