Nvidia ჯამში $4 მილიარდს აბანდებს ორ კომპანიაში, რომლებიც ფოტონიკის ტექნოლოგიებს ავითარებენ. ამით კომპანია ცდილობს, გააძლიეროს კვლევითი მიმართულებები და მიწოდების ჯაჭვები, რათა მხარი დაუჭიროს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას - წერს CNBC.

ჩიპების ამერიკულმა გიგანტმა გამოაცხადა, რომ $2-2 მილიარდს Lumentum-სა და Coherent-ში აბანდებს.

ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, Lumentum-ის აქციების ფასი 8%-ით, Coherent-ის კი 13%-ით გაიზარდა.

ორივე კომპანია ფოტონიკურ ოპტიკურ ტექნოლოგიებს ავითარებს - სისტემებს, რომლებიც სინათლეს გამოიმუშავებენ ან გადასცემენ და გამოიყენება ისეთ ფუნქციებში, როგორიცაა სენსორული აღქმა და მონაცემთა გადაცემა.

Lumentum ამერიკული კომპანიაა, რომელიც ოპტიკურ და ფოტონიკურ ტექნოლოგიებს იმ ქსელებისა და ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად ქმნის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის, "ღრუბლოვანი" გამოთვლებისა (cloud computing) და ახალი თაობის კომუნიკაციების უკან დგას.

Coherent-იც აშშ-შია დაფუძნებული და ავითარებს ფოტონიკის ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს სინათლის (ფოტონების) გამოყენებას ისეთი კომპონენტებისა და სისტემების შესაქმნელად, რომლებიც მაღალი წარმადობის ოპტიკურ აპლიკაციებს უზრუნველყოფს.

"Lumentum-თან ერთად, NVIDIA მსოფლიოს ყველაზე დახვეწილ სილიკონის ფოტონიკას ავითარებს, რათა ავაშენოთ გიგავატიანი მასშტაბის AI ქარხნების შემდეგი თაობა," - ნათქვამია Nvidia-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებაში.

Lumentum-თან გარიგება მრავალწლიანი სტრატეგიული შეთანხმებაა, რომელიც მოიცავს Nvidia-ს მხრიდან მრავალმილიარდიანი შესყიდვის ვალდებულებას და სამომავლო უფლებებს მოწინავე ლაზერული კომპონენტების წარმოების სიმძლავრეებზე.

ჰუანგის თქმით, Nvidia ითანამშრომლებს Coherent-თან AI ინფრასტრუქტურისთვის ახალი თაობის სილიკონის ფოტონიკის შესაქმნელად.

ჩიპების გიგანტის შეთანხმება Coherent-თან ასევე მოიცავს მრავალმილიარდიან შესყიდვის ვალდებულებას და სამომავლო წვდომისა და წარმოების უფლებებს მოწინავე ლაზერულ და ოპტიკურ ქსელურ პროდუქტებზე.

bm.ge