აშშ-ში, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიაკვლიეს ტექნიკას, რომლითაც რადიოაქტიური ბირთვული ნარჩენების ენერგიის წყაროდ გარდაქმნაა შესაძლებელი. ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ატომური ნარჩენების გამოყენება წვრილი ელექტრომოწყობილობების ბატარეების დასამუხტად შეიძლება.

კერძოდ, კვლევის ავტორებმა ბირთვული ნარჩენების მიერ გამოყოფილი გამა გამოსხივება გამოიყენეს მიკროჩიპებისთვის საკმარისი ენერგიის გენერირებისთვის. ამ ეტაპზე მსგავსი ენერგია მხოლოდ პატარა სენსორებზეა შეზღუდული, მაგრამ, კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასშტაბების გაზრდა შესაძლებელია.

ბირთვული ელექტროსადგურები ელექტროენერგიას ემისიების წარმოქმნის გარეშე აგენერირებენ. დღეს მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ს სწორედ ატომური ენერგია აკმაყოფილებს, რაც წიაღისეული საწვავის კარგი ალტერნატივაა. იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები ატომური ნარჩენების გამოყენების გზას მიაგნებენ, შესაძლოა, ბირთვულ ენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდოს.

ბირთვული ბატარეები, ანუ მოწყობილობები, რომლებიც რადიოაქტიურ ნარჩენებს ელექტროენერგიად გარდაქმნის, რამდენიმე ათწლეულია იხვეწება, თუმცა ამ ტექნოლოგიას საბოლოო ფორმის მიღწევამდე ბევრი აკლია.

კვლევის ფარგლებში, ენერგიის წარმოება ორ ეტაპს მოიცავს: ჯერ სცინტილატორულმა კრისტალებმა რადიაცია სინათლედ უნდა გარდაქმნას, შემდეგ კი მზის ბატარეებმა სინათლე ელექტროენერგიად უნდა აქციოს. ორ რადიოაქტიურ წყაროზე, - ცეზიუმ 137-სა და კობალტ 60-ზე - გამოცდის შედეგად, ბატარეამ 288 ნანოვატი და 1.5 მიკროვატი სიმძლავრე გამოიმუშავა.

კვლევის ავტორები მიგნებას ენერგიის სექტორში დიდ გარდამტეხად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ პროექტის მასშტაბების ზრდაზე უკვე მუშაობენ და ეს შემდეგი ნაბიჯი იქნება. წარმოებულ ბატარეებს მხოლოდ ისეთ ობიექტებთან გამოიყენებენ, სადაც ბირთვული ნარჩენები წარმოიქმნება და არა საჯაროდ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი უსაფრთხოა.

წყარო: bm.ge