Starship-ი მეორე მცდელობაზე 8 წუთში აფეთქდა. თუმცა, ილონ მასკი გაშვებას წარმატებულად მიიჩნევს. ამის შესახებ BBC წერს.
ილონ მასკის SpaceX-ის სუპერ მძიმე კოსმოსური ხომალდი Starship მეორე სატესტო გაშვებიდან 8 წუთში აფეთქდა.
კოსმოსური ხომალდი ტეხასის ბოკა ჩიკას კოსმოდრომიდან შაბათს, ადგილობრივი დროით 7:00 საათზე (13:00 GMT) გაუშვეს. იგეგმებოდა, რომ ხომალდს დედამიწის გარშემო უნდა შემოეფრინა და შემდეგ წყნარ ოკეანეში ჰავაის კუნძულებთან ჩამოვარდნილიყო.
თუმცა, ხომალდთან კავშირი გაშვებიდან დაახლოებით 8 წუთის შემდეგ დაიკარგა. ამის შემდეგ SpaceX-მა განაცხადა, რომ Starship-ის თვითგანადგურების ფუნქცია გააქტიურდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა, ილონ მასკმა სატესტო ფრენას დიდი წარმატება უწოდა: „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მიზანს!" - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში. SpaceX-მა ასევე მიულოცა ტესტებში ჩართულ ყველას წარმატებული გაშვება.
ეს იყო SpaceX-ის სუპერ მძიმე კოსმოსური ხომალდის მეორე გამოცდა. პირველი ტესტის დროს, რომელიც ჩატარდა მიმდინარე წლის აპრილში, გაშვებიდან 4 წუთში აფეთქდა.
ამჯერად ხომალდმა 2-ჯერ მეტხანს ფრენა შეძლო. გარდა ამისა, SuperHeavy რაკეტამ მოახერხა ნორმალურად აფრენა. და თუ აპრილის გაშვების დროს რაკეტამ ვერ შეძლო ეტაპობრივი განცალკევება, ამჯერად ეტაპობრივი გამოყოფა ჩვეულ რეჟიმში მოხდა.
Starship სრულად მრავალჯერადი გამოყენებადი ორსაფეხურიანი სუპერ მძიმე რაკეტაა. ის იქმნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ტვირთის დედამიწის ორბიტაზე მიტანის ღირებულება. ის ასევე გაუხსნის კაცობრიობას გზას მთვარისა და მარსისკენ. მიიჩნევა, რომ Starship იქნება ყველაზე ძლიერი რაკეტა ისტორიაში. ვარაუდობენ, რომ მას შეუძლია 150 ტონამდე ტვირთის გაშვება დედამიწის ორბიტაზე, ხოლო ერთჯერადი რეჟიმში - 250 ტონამდე. შედარებისთვის, ყველაზე დიდ რუსულ რაკეტას 25 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია დედამიწის ორბიტა.