სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი, Publicis Groupe, Microsoft-თან თანამშრომლობას აღრმავებს. ამ სტრატეგიული ნაბიჯის მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის, განსაკუთრებით კი აგენტური AI აპლიკაციების მიმართულებით, ძალისხმევის გაერთიანება და დახვეწაა. ინიციატივის ფარგლებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ხორციელდება – Microsoft-ს თავისი გლობალური მედია ანგარიში Publicis-ისთვის გადააქვს.
შეთანხმების თანახმად, სააგენტოთა ქსელში Microsoft-ის ტექნოლოგიები, მათ შორის Azure-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურა და Copilot ასისტენტი დაინერგება. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს Publicis-ის იდენტობის მართვის პლატფორმა Epsilon-სა და საკონსულტაციო მიმართულება Sapient-ს.
Publicis-მა ხელოვნური ინტელექტი საკუთარი ზრდის სტრატეგიის საკვანძო ნაწილად აქცია. კომპანიის მენეჯმენტს სურს, რომ ტექნოლოგიების კუთხით ბაზარზე ყველაზე ღირებულ პარტნიორად პოზიციონირდეს. ამავდროულად, ხელმძღვანელობა ღიად საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც AI-ის მასშტაბირებას, გაზომვადი შედეგების მიღებასა და განვითარების მაღალ ხარჯებს უკავშირდება.
კომპანიები წარსულშიც თანამშრომლობდნენ – 2018 წელს მათ ერთობლივად შექმნეს შიდა AI ინსტრუმენტი Marcel. ახლა კი, ამ პარტნიორობის გაღრმავება Publicis-ს AI რბოლაში კიდევ უფრო წინ სწევს. მთავარი ფოკუსი Epsilon-სა და Sapient-ზე კეთდება, რომლებიც კორპორაციული AI ტრანსფორმაციისკენ არიან მიმართულნი. ახალი ეტაპის მთავარი ამოცანაა, მარკეტერებისთვის აგენტური ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცეს და ფრაგმენტული AI ეკოსისტემა ერთიან, მძლავრ მექანიზმად ჩამოყალიბდეს.
Microsoft-ის კომერციული ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელობის ხედვით, მათი ქლაუდ და AI შესაძლებლობების სინთეზი Publicis-ის Azure-ზე აგებულ გადაწყვეტებთან, კრეატიულ გუნდებს უდიდეს თავისუფლებას მისცემს. რუტინულ საქმეებზე ნაკლები დროის დახარჯვით, ისინი მეტ ყურადღებას დაუთმობენ იდეების ფორმირებას, ბრენდების შენებასა და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი ზრდის სტიმულირებას.
Microsoft-ის Fabric მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმაზე აგებული AI აგენტები Epsilon-ის მონაცემებით იხელმძღვანელებენ, რაც გააუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ისეთ ამოცანებს გააავტომატებს, როგორიცაა ღირებული სამიზნე სეგმენტების გამოვლენა, კონტენტის გენერირება, მედია კამპანიების მართვა და ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, Publicis თავის 114 000-ზე მეტ თანამშრომელს Copilot-ზე წვდომას აძლევს, Azure-ს კი ქლაუდ სერვისების მთავარ პროვაიდერად ასახელებს.
შიდა ტექნოლოგიური ინტეგრაციების მიღმა, ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო სიახლე Microsoft-ის უზარმაზარი გლობალური მედია ანგარიშის Publicis-ისთვის გადაცემაა. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ანგარიშს კონკურენტი ქსელი Dentsu ემსახურებოდა. ბოლო ერთ წელიწადში Publicis-მა სხვა მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა, მათ შორის Coca-Cola-ს ჩრდილოეთ ამერიკის ბიზნესი და გლობალური მედია მომსახურება FMCG გიგანტ Mars-ისთვის.
ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი სააგენტოების სამუშაო პროცესისა და ბრენდებთან კომუნიკაციის სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებს. თუმცა, იზრდება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებენ სააგენტოების კერძო პლატფორმები Big Tech კომპანიებთან კონკურენციას, რომელთა AI ინვესტიციები 2026 წლისთვის 630 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
წყარო: marketingdive, www.marketer.ge