ახალი მანქანების შექმნისას მანეკენები პირველი იღებენ დარტყმებს, რათა მომავალში ადამიანები გადაარჩინონ. ათწლეულების მანძილზე ეს მანეკენები კაცების სხეულებზე იყო დაფუძნებული, ახლა კი ქალების დრო დადგა — როგორც ამბობენ, ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა მანქანების ტესტირებისას ქალ მანეკენებს გამოიყენებენ — ასე სრულად შეიცვლება მანქანების აგების, ტესტირებისა თუ შექმნის კრიტერიუმები.

ჯერ კიდევ ნოემბერში ამერიკის მარეგულირებლებმა THOR-05F-ის პირველი სატესტო მანეკენი წარადგინეს, რომელიც ქალის ანატომიაზე იყო მორგებული. სახელი კი შემდეგნაირად იშიფრება: Test device for Human Occupant Restraint, 5th-percentile Female. მოდელი ამერიკის სატრანსპორტო დეპარტამენტმა, ინდუსტრიულ პარტნიორ Humanetics-თან ერთად, შეიმუშავა და ნებართვაც მიიღო ფედერალურ კვლევებში გამოსაყენებლად.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ქალ მძღოლებს მანქანების შექმნისას არ ითვალისწინებდნენ, უბრალოდ ამისთვის მამრობითი სქესის მიხედვით აგებული მანეკენების შემცირებულ ვერსიებს იყენებდნენ. ბუნებრივია, აღნიშნული ნაკლებად იყო რეალურ საჭიროებებთან ახლოს, რაც ამ ამბავს მეტად მნიშვნელოვნად აქცევს.

მით უმეტეს, რომ სამთავრობო სააგენტოებისა და უნივერსიტეტების კვლევების მიხედვით, ავარიებში ქალები უფრო ხშირად იღებენ სერიოზულ დაზიანებებს ან იღუპებიან, ვიდრე მამაკაცები — აღნიშნულს ექსპერტები სწორედ მანქანების ტესტირების აქამდე არსებულ მეთოდს უკავშირებენ.

THOR-05F სწორედ ამ პრობლემას აგვარებს. დაახლოებით 150 სენსორი აქვს, რომელიც აკონტროლებს, რა ხდება თავის, გულმკერდის, მენჯის, ხერხემლისა თუ კიდურების მხრივ ავარიების დროს. ხერხემალი ისეა აგებული, რომ რეალური ადამიანის მსგავსად, მარტივად მოიხაროს. მისი სტრუქტურა კი ინჟინრებს საშუალებას აძლევს, ნახონ, როგორ მუშაობს უსაფრთხოების ღვედები თუ ბალიშები ქალების შემთხვევაში.

მიზანი მხოლოდ უკეთესი კი არა, უფრო სამართლიანი მონაცემების ქონაა. მართალია, ახლახან წარადგინეს და დრო სჭირდება მის რეალურ პრაქტიკებში გამოყენებას, მაგრამ THOR-05F უკვე კარგი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომავალში მრავალი ქალის სიცოცხლეს იხსნის.

www.marketer.ge