ვიდეოფორმატის პოპულარობის ზრდასთან ერთად, LinkedIn-ის გუნდი კონტენტის შემოქმედებისთვის ახალ პრაქტიკულ რჩევებს აზიარებს. პლატფორმის Creator Video newsletter-ში დეტალურადაა განხილული, თუ რა ტიპის ვიდეოები მუშაობს ყველაზე ეფექტურად, რა სიხშირით უნდა გამოქვეყნდეს ისინი და რა ტექნოლოგიურ სიახლეებს გეგმავს კომპანია უახლოეს მომავალში.

შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, LinkedIn-ის გუნდი აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე ყველაზე დიდ გამოხმაურებას რეალური გამოცდილებისა და პირადი პროფესიული ხედვების გაზიარება იწვევს. წარმატებული ვიდეოები ყოველთვის ავტორის პრაქტიკულ ცოდნასა და პოზიციას ემყარება. კრეატორებისთვის საუკეთესო დასაწყისი საკუთარი ინდუსტრიის აქტუალურ მოვლენებზე მსჯელობა, მიმდინარე ტრენდების მარტივად და გასაგებად ახსნა ან საკუთარ კარიერულ გზაზე მიღებული გაკვეთილების გულწრფელი გაანალიზებაა.

გამოქვეყნების სიხშირის თვალსაზრისით, პლატფორმის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თანმიმდევრულობა აუდიტორიის შენარჩუნების მთავარი პირობაა. საწყის ეტაპზე კვირაში ორიდან ხუთამდე პოსტის გამოქვეყნებაა რეკომენდებული, საიდანაც მინიმუმ ორი აუცილებლად ვიდეოფორმატის უნდა იყოს. თუმცა, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისეთი სამუშაო რიტმის პოვნაა, რომლის შენარჩუნებასაც ავტორი გრძელვადიანად შეძლებს. ამასთან, სასურველია მსგავსი თემატიკის ვიდეოებს შორის გარკვეული დროითი ინტერვალის დაცვა, რათა თითოეულ მათგანს აუდიტორიამდე მისასვლელად საკმარისი სივრცე ჰქონდეს, ანალიზის დროს კი ყურადღება არა ცალკეულ პოსტზე, არამედ ჩართულობის საერთო, გრძელვადიან დინამიკაზე უნდა გამახვილდეს.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, LinkedIn-ი კიდევ უფრო მეტ რეგიონში აბრუნებს სპეციალურ video tab-სა და ვიდეოკარუსელებს. კომპანიამ ვერტიკალური, სრულეკრანიანი ვიდეოების გამოცდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს პირველადი შედეგების გაუმჯობესებაზე. აშშ-ის სატესტო ბაზრის შემდეგ, ეს განახლებული ფუნქციონალი უახლოეს პერიოდში კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

ვიდეოფორმატი LinkedIn-ის სტრატგიული პრიორიტეტი შემთხვევით არ გამხდარა – პლატფორმაზე ამ მიმართულებით მომხმარებელთა აქტივობა მკვეთრად იზრდება. ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს, ვიდეოების ყურების დრო წლიურად 36%-ით გაიზარდა, ხოლო short-form ვიდეოების შექმნის ტემპმა სხვა ნებისმიერ პოსტის ფორმატს ორჯერ გაუსწრო. 2026 წლის პირველ კვარტალში ფასიანი, სარეკლამო ვიდეოკონტენტის მოცულობაც წინა წელთან შედარებით თითქმის 30%-ით გაიზარდა.

მართლაც, ვიდეოფორმატი LinkedIn-ზე მომხმარებელთა ინტერაქციის ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად იქცა, რაც ბრენდებსა და პროფესიონალებს საკუთარი ცნობადობის გაზრდისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.

წყარო: Socialmediatoday  www.marketer.ge