ბოლო ორი წლის განმავლობაში მსხვილი კომპანიების მხრიდან ერთი და იგივე სცენარი ჩვეულებრივ რუტინად იქცა. AI-ის სტიქიურ პოპულარიზაციას მოჰყვა კადრების შემცირება, ოფიციალურ მიზეზად ხელოვნური ინტელექტის დასახელება და ფინანსური ანგარიშების მოწესრიგება. თუმცა, ეს ზედაპირული ფორმულა რეალობას აცდენილი აღმოჩნდა, რამაც ბაზარზე საკმაოდ ძვირადღირებული შედეგები გამოიღო. კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლეს, აღმოაჩინეს, რომ მათემატიკური გათვლები არ მუშაობს. ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ დამსაქმებლები იძულებულნი არიან, მიღებული გადაწყვეტილებები უკან წაიღონ. იმ ორგანიზაციების თითქმის ნახევარი, რომლებმაც ადამიანები ტექნოლოგიებით ჩაანაცვლეს, ბუმერანგის ეფექტის წინაშე აღმოჩნდა – ისინი ძველ კადრებს გაცილებით მაღალი ფინანსური ხარჯით აბრუნებენ, ვიდრე მათი შენარჩუნება დაუჯდებოდათ. დიდი საორგანიზაციო შემცირება, საბოლოოდ, კადრების ხელახლა აყვანის დიდ ტალღად იქცა.
ცნობილი ქეისი
ამ მიმართულებით შვედური ფინტექ გიგანტი კლარნა ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. კომპანიამ ხმამაღლა განაცხადა, რომ მათი ახალი ჩატბოტი შვიდასი თანამშრომლის საქმეს აკეთებდა და წლიურ მოგებას ორმოცი მილიონი დოლარით გაზრდიდა. თუმცა, პიარ-კამპანიის მიღმა მნიშვნელოვანი დეტალები დაიმალა. მომხმარებელთა კმაყოფილების დონე მკვეთრად დაეცა, პროტესტმა საჯარო სივრცეში გადაინაცვლა და კომპანიამ ადამიანების სამსახურში დაბრუნება დაიწყო. რობოტმა მართლაც შეძლო დიდი ნაკადების დამუშავება, თუმცა მას არ აღმოაჩნდა რთული ნიუანსების აღქმის, გაბრაზებული მომხმარებლის დამშვიდებისა და კრიტიკულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც მომხმარებლის ლოიალობას განსაზღვრავს.
სხვა ბევრმა ორგანიზაციამ ხელოვნური ინტელექტის ტრენდი უბრალოდ ნიღბად გამოიყენა იმ შემცირებების გასამართლებლად, რომლებსაც გლობალური ეკონომიკური ფაქტორების გამო ისედაც გეგმავდა. შედეგად მივიღეთ დამახინჯებული სურათი, სადაც ტექნოლოგიური პროგრესის სახელით გამოწვეულმა ზიანმა მთელი სამუშაო ძალა დააზარალა.
კომპანიები ხშირად უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას. ისინი ჩქარობენ შემცირებას, გადაჭარბებულ იმედებს ამყარებენ ტექნოლოგიაზე, სათანადოდ ვერ აფასებენ ადამიანურ კაპიტალს და შემდეგ წლებს ხარჯავენ დაკარგული პოზიციების აღსადგენად.
ვინ მართა პროცესი სწორად
ყველაზე საინტერესო გამოცდილება იმ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებმაც ეს შეცდომა თავიდანვე აიცილეს. როდესაც საყოფაცხოვრებო გიგანტმა IKEA-მ მომხმარებელთა ზარების თითქმის ნახევარი ხელოვნურ ინტელექტს გადააბარა, კომპანიას არჩევანი უნდა გაეკეთებინა. მას შეეძლო რვა ათას ხუთასი თანამშრომელი გაეშვა, თუმცა მათ გადამზადებაში ჩადო ინვესტიცია და ისინი ინტერიერის დიზაინის კონსულტანტებად აქცია. შედეგად, ამ მიმართულებიდან შემოსავალმა მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. თანამშრომლები აღიქვეს არა შესამცირებელ ხარჯად, არამედ აქტივად, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მუშაობა ეფექტური გახადა.
მსგავს დასკვნამდე მივიდა IBM-ც. აგრესიული ტექნოლოგიური რეფორმების შემდეგ, მენეჯმენტმა აღმოაჩინა, რომ საწყის პოზიციებზე მიღების შეჩერებამ რამდენიმე წელში ტალანტების დეფიციტი გამოიწვია. შედეგად, კომპანიამ ახალგაზრდა კადრების აყვანა გაასამმაგა და მათი როლები ახალ ეპოქას მოარგო.
ამავე პრინციპით მოქმედებს Amazon-ის ვებსერვისებიც. კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დღეს მათთან უფრო მეტი დეველოპერი მუშაობს, ვიდრე ორი წლის წინ, მიუხედავად იმისა, რომ კოდირების ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები საგრძნობლად დაიხვეწა. ტექნოლოგიამ თანამშრომლები უფრო პროდუქტიული გახადა და არა ზედმეტი.
სინამდვილეში, ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილებს ზრდის
ტექნოლოგიური რევოლუციების ისტორია აჩვენებს, რომ ავტომატიზაციას დასაქმება არასოდეს დაუსრულებია. ის უბრალოდ ცვლის სამუშაოს სპეციფიკას და ზრდის მოთხოვნას კვალიფიკაციაზე. კაცობრიობის უნარი, შექმნას ახალი პროექტები, უსაზღვროა, მათ განსახორციელებლად კი ადამიანები ყოველთვის საჭირო იქნებიან.
გლობალური კვლევებიც ამას ადასტურებს. კომპანიები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ეფექტურად იყენებენ, პროდუქტიულობითაც და დასაქმების მაჩვენებლითაც ლიდერობენ. ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანიებში შრომის პროდუქტიულობა წინა წლებთან შედარებით თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო გუნდის ზომა 32%-ით გაფართოვდა იმ ორგანიზაციებთან შედარებით, რომლებიც ტექნოლოგიებს ნაკლებად იყენებენ. ხელოვნური ინტელექტის სწორი გამოყენება გუნდს კი არ ავიწროებს, არამედ ზრდის მას.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge