ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ Meta Platforms Inc., ევროპელი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების არასაკმარისი დაცვის გამო, 1,2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

მარეგულირებლის განცხადებით, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მონაცემების გადაცემისას კომპანიამ ყურადღება არ მიაქცია მომხმარებლების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების რისკებს, თუმცა, ევროპის იუსტიციის სასამართლომ მანამდე დაადგინა, რომ Meta-მ უნდა გააძლიეროს დაცვის ზომები.

კომისიამ კომპანიას 5 თვე მისცა აშშ-ში ევროპელების პერსონალური მონაცემების გადაცემის შესაჩერებლად, ხოლო Meta აშშ-ში ადრე გადაცემული ინფორმაციის შესანახად და დამუშავების შეწყვეტისთვის - 6 თვე.

Meta იმედგაცრუებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რადგან თვლის, რომ ის მონაცემთა გადაცემის იმავე ლეგიტიმურ მექანიზმს იყენებს, როგორც ათასობით სხვა ფირმა, თქვა ნიკ კლეგმა, Meta-ს საერთაშორისო ურთიერთობების პრეზიდენტმა.

ეს მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტის (GDPR) რეკორდული ჯარიმა მთელი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნავს FT. ამ წესების მიხედვით, ევროპულ მარეგულირებლებს შეუძლიათ კომპანიების დაჯარიმება მათი წლიური შემოსავლის 4%-მდე.

წინა ანტი-რეკორდი Amazon.com Inc.-ის ეკუთვნის, 2021 წლის ივლისში მას 746 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

Meta-ს აქციები ორშაბათს ადრეულ ვაჭრობაში 1.2%-ით დაეცა.