ოუხედავად იმისა, რომ კონოეკრანებზე ახლახანს გამოსულმა კრისტოფერ ნოლანის ფილმმა „ოდისეა“ მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია, ილონ მასკის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მისი პლატფორმა Grok Imagine ჰომეროსის ეპოსის „ისტორიულად ზუსტ“ ეკრანიზაციას აპირებს. „სფეის იქსის“ დამფუძნებელი ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს ცნობილ კინორეჟისორს, მის მიერ მიღებული შემოქმედებითი გადაწყვეტილებების გამო.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა დაწერა, რომ კომპანია Grok Imagine წლის ბოლომდე გადაიღებს სრულმეტრაჟიან ფილმს „ოდისეაზე“, რომელიც, მისი თქმით, „ისტორიულად ზუსტი“ იქნება და ჰომეროსის ნაწარმოების ხაზს მთლიანად უერთგულებს.
ტექნოლოგიური სფეროს მაგნატი ცდილობს, „კულტურული ომი“ გააჩაღოს კრისტოფერ ნოლანის ფილმის გარშემო, რომელშიც ოდისევსის როლს მეტ დეიმონი ასრულებს, პენელოპეს კი ენ ჰეთეუეი განასახიერებს.
გამოსვლიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, „ოდისეამ“ თითქმის მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება და სალაროები გადაავსო – პირველივე უქმეებზე ფილმის შემოსავალმა 264 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჯერ კიდევ ფილმის პრემიერამდე, მასკმა X-ზე გააზიარა შეურაცხმყოფელი პოსტები, რომლებშიც ელენესა და კლიტემნესტრას როლებზე შავკანიანი მსახიობის, ლუპიტა ნიონგოს შერჩევა, ასევე სინონის როლში ტრანსგენდერი მსახიობის, ელიოტ პეიჯის მონაწილეობა იყო გაკრიტიკებული. ამ პოსტებზე მასკმა, კომენტარის სახით დაწერა, რომ ნოლანმა „თავისი პრინციპულობა დაკარგა“.

თავად ნოლანმა აღნიშნა, რომ მსგავსი რეაქციები მოსალოდნელი იყო და იქვე დასძინა: „მსგავსი დისკუსიები, რომლებიც მანამდე იმართება, სანამ ადამიანები ფილმს ნახავენ, ყოველთვის უაზროა, რადგან რეალურად არავინ იცის, რას ეხება ის“.
რეჟისორმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ. „იდეა, რომ ის მთლიანად ჩაანაცვლებს ადამიანებსა და ადამიანურ შემოქმედებითობას, ჩემთვის სრული აბსურდია,“ – განაცხადა მან. ნოლანის თქმით, მას არასდროს უნახავს ტექნოლოგია, რომელსაც უოლ-სტრიტი და ინვესტორები ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ის კატეგორიულად უარყო“.