2025 წელს იაპონია, თანამგზავრების გამოყენებით, მზის ენერგიის კოსმოსიდან დედამიწაზე გადატანას შეეცდება. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

პროექტი, რომელიც კოსმოსურ ენერგიაზე 2009 წლიდან მუშაობს, ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრის განთავსებას გეგმავს, რომლებიც მზის ენერგიას ასობით კილომეტრში, დედამიწაზე გადასცემენ.

ორბიტული მზის პანელებისა და მიკროტალღების გამოყენებით დედამიწაზე ენერგიის გადაცემის იდეა 1968 წელს გაჩნდა. მას შემდეგ არაერთმა ქვეყანამ დახარჯა დრო და ფული ამ პროექტის განსახორციელებლად.

ტექნოლოგია მიმზიდველია, რადგან ასეთი ბატარეები პოტენციურად უზრუნველყოფენ ულიმიტო განახლებად ენერგიას.

2015 წელს იაპონიამ წარმატებას მიაღწია, როდესაც მეცნიერებმა უკაბელოდ წარმატებით გადაიტანეს 1,8 კილოვატი სიმძლავრე (საკმარისი ელექტრო ჩაიდნისთვის) 50 მეტრზე მეტ მანძილზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, ამ ტექნოლოგიას მასიურად ვერ გამოიყენებენ, რადგან ძალიან ძვირია. მზის მასივის წარმოება, რომელიც 1 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი დაჯდება.