კვანტური გამოთვლითი ტექნოლოგია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი და მას დიდი პოტენციალი ფინანსებსა და ინვესტირებაში შეიძლება ჰქონდეს. ამის დასტურად, უმსხვილესმა ბრიტანულმა საბანკო-საფინანსო ჰოლდინგმა, HSBC-იმ ინვესტორებს და კლიენტებს ახალი თაობის ტრეიდინგ ბოტი წარუდგინა, რომელიც ამერიკული IBM-ის მიერ შექმნილ კვანტურ ტექნოლოგიას ეფუძნება.

კვანტური ტექნოლოგიით აღჭურვილი ბოტი, საწყის ეტაპზე, მხოლოდ ობლიგაციებით ივაჭრებს, თუმცა ეტაპობრივად სუპერკომპიუტერების ჩანაცვლებასაც დაიწყებს, რომელთაც ამჟამად აქტიურად იყენებენ საინვესტიციო და ტრეიდინგ ფონდები.

ამჟამად ახალ ბოტს 34%-ით უკეთესად შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ როგორ წარიმართება თითოეული ტრეიდი, რაც, საბოლოო ჯამში, მისი ოპერირების ამონაგებს ზრდის.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტექნოლოგია განვითარდება და მომავალში ის უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა, ამ ეტაპისთვის ტექნოლოგია ჯერ კომერციული გამოყენებისათვის მზად არ არის, რადგან ის პროგრამულად გაუმართავია და ერთი კვანტური კომპიუტერის ღირებულება მრავალჯერ აღემატება პლანეტის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ფასსაც.

ერთი რამ ფაქტია, კვანტურ კომპიუტერს, ქუბიტების წყალობით, წამში გაცილებით მეტი კალკულაციის განხორციელება შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ კომპიუტერს, რომელიც 0-ებისა და 1-ების, ანუ ბინარული სისტემით აზროვნებს.