ჰარვარდის უნივერსიტეტში „შნობელის პრემიის“ (Ig Nobel Prize) 34-ე ცერემონია გაიმართა. ნობელის პრემიის დაჯილდოების ამ პაროდიულ ცერემონიაზე, „მეცნიერებს" პრიზს უცნაური მიღწევებისთვის გადასცემენ.
გამარჯვებულები 10 ნომინაციაში დასახელდნენ:
მშვიდობის პრემია მიენიჭა ამერიკელ ფსიქოლოგ ბერეს სკინერს, რომელსაც 1940-იან წლებში რაკეტების დამიზნებისთვის მტრედების გამოყენების იდეა გაუჩნდა.
ბოტანიკის დარგში პრემია ამერიკელ ჯეიკობ უაითს და გერმანელ ფელიპე იამშიტეს გადაეცათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ ზოგ მცენარეს მათ გვერდით დადგმული ხელოვნური მცენარეების ფოთლების ფორმის იმიტირება შეუძლიათ.
ანატომიის დარგში ჯილდო ფრანგ ექიმებს მიენიჭათ, რომლებმაც დაადგინეს, რომ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს ბინადრებს თმა საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით ეხვევათ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებს კი მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
მედიცინის დარგში გამარჯვებულები გერმანელი, შვეიცარიელი და ბელგიელი სპეციალისტები გახდნენ, რომლებმაც დაადგინეს, რომ პლაცებო, რომელსაც სამედიცინო პრეპარატებისთვის დამახასიათებელი უკუჩვენებები აქვს უკეთ მოქმედებს, ვიდრე პრეპარატები მათ გარეშე.
ფიზიკოსებს შორის გამარჯვებული ჯეიმს ლიაო გახდა, რომელიც კოლეგებთან ერთად 10 წლის განმავლობაში სწავლობდა მკვდარი კალმახის დინების საწინააღმდეგო მოძრაობას.
იაპონელმა მეცნიერებმა ჯილდო ფიზიოლოგიის დარგში მიიღეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ ღორებსა და მღრღნელებს ანუსით სუნთქვა შეუძლიათ.
შესაძლებლობის თეორიაში ჯილდო ერგოთ მეცნიერებს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ჰაერში აგდებული მონეტა უფრო ხშირად იმ მხარეზე ვარდება, რომელზეც მანამდე იდო. ამისთვის ტესტირებაში მონაწილე 48 ადამიანმა მონეტები თითქმის 351 ათასჯერ ააგდო ჰაერში.
ჯილდო დემოგრაფიის დარგში მიიღო სოლ ნიუმანდმა - ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორმა, რომელმა დაადგინა, რომ ყველაზე ასაკოვანებად დასახელებული ადამიანების დიდმა ნაწილმა ეს ტიტული ბიუროკრატიული შეცდომების გამო მიიღო, რადგან მათ საცხოვრებელ ადგილებში დაბადებისა და სიკვდილის მოწმობების გაცემისას ხშირად უშვებდნენ შეცდომას.
ქიმიის დარგში კი ჯილდო ამსტერდამში მომუშავე მეცნიერებმა მიიღეს, რომლებმაც მთვრალი და ფხიზელი ჭიების გარჩევის მეთოდი შეიმუშავეს.
ბიოლოგიის სფეროში კი ჯილდო ფორდაის ელიმ და უილიამ პეტერსენმა მიიღეს, რომლებიც მე-20 საუკუნის შუაში ცდილობდნენ გაერკვიათ როგორ კარგავენ შეშინებული ძროხები რძეს. ამისთვის ისინი ძროხებზე ჯერ კატებს დგამდნენ, შემდეგ კი მათ გვერდით ქაღალდის პაკეტებს ხეთქავდნენ.
წყარო: იმედინიუსი