გერმანია თურქეთისთვის „ევროფაიტერის“ ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების გამო ბლოკავს, – ამის შესახებ გერმანული გაზეთი „ჰანდელსბლატი“ წერს.

როგორც გაზეთი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანიის მთავრობამ საექსპორტო ლიცენზიაზე უარის თქმის მნიშვნელოვან მიზეზად ეკრემ იმამოღლუს დაკავება დაასახელა.

„ერდოღანთან კონფიდენციალური მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული და დამტკიცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა იმამოღლუს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ეს წამოწყებები ჩაშალა“, – წერს გამოცემა.

„ევროფაიტერი“ – გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროექტია, შესაბამისად, ამ ტიპის გამანადგურებლების ექსპორტისთვის საჭიროა გერმანიის მთავრობის თანხმობა.

შეგახსენებთ, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს. ის თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება. 23 მარტს სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ეკრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ეკრემ იმამოღლუს დაკავებას კი, თურქეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ცნობილია, რომ აქციებზე 2000 ადამიანია დაკავებული.

წყარო: 1tv.ge