ესტონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიასთან ერთად, იდა-ვირუმაას ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე სწავლება „ციფრული ფარის“ ფარგლებში, დრონებისგან თავდაცვის ახალ სისტემებზე ვარჯიშობენ.

თითქმის ერთკვირიანი სწავლების პერიოდში, ტესტირება ჩაუტარდება როგორც უკვე მოქმედი, ისე ახლად შექმნილი დრონების საწინააღმდეგო სისტემებს. ყველა ამ სისტემამ თავისი ბრძოლისუნარიანობა უკრაინის ბრძოლებში უკვე დაამტკიცა.

სწავლების მიზანია დრონების აღმოჩენისა და მათი გაუვნებელყოფის სისტემების ერთმანეთთან ციფრულად დაკავშირება, რათა უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენა და ჩამოგდება ერთი ცენტრიდან მოხდეს.

„ოპერატორი ხედავს და ახდენს დრონის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც, იგივე ოპერატორი, ღილაკზე თითის დაჭერით, ეფექტორს აამოქმედებს და დრონს ჩამოაგდებს. ამ შემთხვევაში, იარაღის სისტემებთან ხალხის განთავსება აღარ დაგვჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაკეტა მიწაზე, ყუთში დევს, ხოლო ადამიანები, რომლებიც მას მართავენ, სულ სხვა ადგილას იმყოფებიან. კონცეპტუალურად, ისინი შეიძლება საერთოდ არც კი იყვნენ ესტონეთში, შედეგი კი მაინც მიღწეული იქნება. ყველა ამ სისტემის რეალურად გამოყენება რამდენიმე კვირაში ან თვეში შეგვეძლება,“ - ამბობს საჰაერო მეთვალყურეობის დივიზიის მეთაური, მაიორი ტონის პიარნი.

ტონის პიარნიETV-ის ფოტო

ეს სწავლება აშშ-ის არმიას აძლევს შესაძლებლობას, ესტონეთის გამოცდილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, ფინეთიდან ბულგარეთამდე გაავრცელოს.

აშშ-ის არმიის მე-10 საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის კაპიტანი, მიკა მაული განმარტავს, რომ სწავლება „ციფრული ფარი“, ძირითადად, ორ ოპერაციას მოემსახურება.

„პირველ რიგში, ეს არის ნატო-ს პროგრამა „აღმოსავლეთის გუშაგი“, რომლის ფარგლებში ნატო-ს ტერიტორიაზე შემოჭრილი ნებისმიერი დრონის ჩამოგდება იქნება შესაძლებელი. და მეორე - ევროპაში განლაგებული აშშ-ის არმიის სისტემების გაძლიერება, რათა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი ძალები უკეთესად იყოს ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ნებისმიერი საფრთხის შეკავება შეეძლოთ“, - განაცხადა მაულმა.

დრონებისგან თავდაცვის სპეციალისტებისთვის ყოველთვის დიდი თავსატეხი იყო დრონის გაუვნებელყოფის ხარჯი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დრონის გასანადგურებლად ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება.

აშშ-ის არმიის მე-10 საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სარდლობის კაპიტანი, მიკა მაულიETV-ს ფოტო

„ყველა ის გადაწყვეტა, რომელსაც დღეს აქ გადის ტესტირებას, მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე „შაჰედის“ ტიპის დრონი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხის ამ გზით მოგვარება ეკონომიურად მომგებიანია,“ - ამბობს პიარნი.

ესტონეთის სამხედრო-საჰაერო ძალები პირობას დებენ, რომ მთელი ქვეყანა დრონებისგან დაცული იქნება და საზღვართან მოახლოებულ საფრენ აპარატებს მტრის ტერიტორიაზევე ჩამოაგდებენ.

წყარო: 1 არხი