ჩერნობილის აკრძალული ზონა, სადაც 40 წლის წინ ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის რეაქტორი აფეთქდა, ადამიანებისთვის დახურულია, თუმცა ბუნება იქ ნამდვილად ხარობს.
მიუხედავად იმისა, რომ დალუქული ადგილი შემაშფოთებელია, სხვადასხვა ორგანიზმები აგრძელებენ ცხოვრებას და განვითარებას. უფრო მეტიც - რეაქტორის ნანგრევებთან ახლახან აღმოაჩინეს ახალი ტიპის, უჩვეულო შავი სოკოს სახეობა, რომელიც მაღალი რადიაციით იკვებება და მას ენერგიის წყაროდ გარდაქმნის.

სოკოს Cladosporium sphaerospermum უწოდეს და მან ბინა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე რადიოაქტიური შენობის შიდა კედლებში დაიდო.
მას საშიში მუქი ელფერი აქვს, რადგან მელანინით მდიდარია. მელანინის წყალობით სოკო იონიზირებული გამოსხივებისგან დაცვას და რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ზრდას (ფენომენი ცნობილია, როგორც "რადიოსინთეზი“) ახერხებს.

Interesting Engineering-ის ცნობით, მისმა გამოყენებამ შესაძლოა კოსმოსის კვლევაში რევოლუცია მოახდინოს.
ორგანიზმის მდგრადობის შესამოწმებლად, მკვლევრებმა 2022 წელს Cladosporium sphaerospermum კოსმოსში გაუშვეს და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) გარე მხარეს მიამაგრეს. იქ სოკომ კოსმოსური გამოსხივების სრული დოზა მიიღო. სენსორებმა აჩვენეს, რომ სოკოს შრეში ნაკლები გამოსხივება აღწევდა, ვიდრე ტიპური ზრდის გარემოში. ეს ნიშნავს, რომ ის ბუნებრივი რადიაციული ფარის როლს ასრულებს.
აღმოჩნდა რომ სოკო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 20%-ით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ბუნებრივ პირობებში.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სოკო შესაძლოა ბიოლოგიურ რადიაციულ ფარად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, Cladosporium sphaerospermum-ს შესაძლოა კოსმოსური ინდუსტრიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ტრადიციული დამცავი მეთოდები - ტყვია და სხვა მასალები - ძალიან მძიმე და ძვირია.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ NASA უკვე იკვლევს "მიკოარქიტექტურის“ კონცეფციას - თვითაღდგენისა და რადიაციული დაცვის უნარის მქონე სოკოვანი მიცელიუმისგან დამზადებული სტრუქტურებს.
მკვლევართა ჯგუფმა რეაქტორის მახლობლად კვლევები ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. მათ აღმოაჩინეს სოკოს 37 სახეობის მინი-ეკოსისტემა. თითქმის ყველა მათგანი მუქი ფერის, მელანინით მდიდარი იყო და მთავარი "რეზიდენტი“Cladosporium sphaerospermum აღმოჩნდა. სწორედ ეს არის ყველაზე რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიმუში.
ვიდეოში ნაჩვენებია ჩერნობილის რეაქტორ 4-ის შიგნით გადაღებული კადრები: