ChatGPT-ში თვის ბოლოდან ცვლილებები შევა, რომლებიც არასრულწლოვან მომხმარებლებს შესაძლო ზიანისგან დაიცავს; ჩატბოტს მშობელთა კონტროლის ფუნქციაც დაემატება. OpenAI-მ ამის შესახებ სამშაბათს ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.

ეს ChatGPT-სადმი მიმართული ბრალდებების შედეგია. ცნობილია, რომ მოზარდების სუიციდის ხელშეწყობაში ჩატბოტს არაერთი ოჯახი სდებს ბრალს, ცოტა ხნის წინ კი ისინი კონგრესის წინაშეც წარდგნენ.

ბლოგპოსტის მიხედვით, მშობლებს შეეძლებათ, რომ საკუთარი ანგარიში ბავშვისას დაუკავშირონ. თუ საჭიროდ ჩათვლიან, საშუალება ექნებათ, ზოგი ფუნქცია გათიშონ ანდა მოზარდს საათების შეზღუდვა დაუწესონ. გარდა ამისა, მშობლებს შეეძლებათ მიუთითონ ჩატბოტს, როგორ იურთიერთოს ბავშვთან.

ამ სიახლეებთან ერთად OpenAI ჩატბოტს კიდევ ერთ ფუნქციას ამატებს: ChatGPT შეძლებს, 18 წელს მიუღწეველი მომხმარებელი ამოიცნოს; შემდგომში მას ასაკისთვის შეუსაბამო შიგთავსისგან დაიცავს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია.