ავსტრალიელი მამაკაცი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც ხელოვნური გულის იმპლანტით 100 დღე იცოცხლა - შემდეგ კი მას დონორის გული გადაუნერგეს.
- მამაკაცს გულის უკმარისობა აწუხებდა. ექიმების განცხადებით, ეს არის "უდავო კლინიკური წარმატება".
BiVACOR-ის ხელოვნური გული, რომელიც კვინსლენდში დაბადებულმა მეცნიერმა, დენიელ ტიმსმა გამოიგონა, მსოფლიოში პირველი იმპლანტირებადი როტაციული სისხლის ტუმბოა - მას შეუძლია, ისე იმოქმედოს, როგორც ადამიანის გულის სრულმა შემცვლელმა. ტუმბო ჯანმრთელი გულის ბუნებრივი სისხლის მიმოქცევის იმიტირებისთვის მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიას იყენებს.
იმპლანტი, რომელიც კლინიკური კვლევის ადრეულ ეტაპზეა, შექმნილია პაციენტებისთვის, რომლებსაც გულის უკმარისობის ბოლო სტადია აქვთ. გულის უკმარისობა როგორც წესი ვითარდება გულის შეტევისა და კორონალური გულის დაავადების დროს, მაგრამ ასევე სხვა ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა დიაბეტი.
იმპლანტი გარდამავალი პერიოდისთვისაა შექმნილი, რათა პაციენტები ცოცხლები დარჩნენ, სანამ დონორის გულის ტრანსპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ BiVACOR-ის გრძელვადიანი ამბიცია ისაა, რომ იმპლანტის მიმღებებმა თავიანთი მოწყობილობით ცხოვრება გულის ტრანსპლანტაციის საჭიროების გარეშე შეძლონ.
- პაციენტი, დაახლოებით 40 წლის მამაკაცი ახალი სამხრეთ უელსიდან, რომელსაც გულის მძიმე უკმარისობა აწუხებდა, ავსტრალიაში პირველი სრული ხელოვნური გულის მიმღებია. მსოფლიოში კი მის გარდა ხუთმა მოხალისემ მიიღო იმპლანტი.
პირველი ხუთი იმპლანტაცია შარშან აშშ-ში გაკეთდა. ყველაზე ხანგრძლივი დრო იმპლანტსა და დონორის გულის ტრანსპლანტაციას შორის 27 დღე იყო.
ავსტრალიელ პაციენტს მოწყობილობა 22 ნოემბერს, სიდნეის წმინდა ვინსენტის საავადმყოფოში, ექვსსაათიანი პროცედურის დროს ჩაუდგეს. ოპერაციას ტრანსპლანტაციის ქირურგი პოლ იანსზი ხელმძღვანელობდა.
პაციენტი, რომელმაც უარი თქვა მედიაში ვინაობის გამოქვეყნებაზე, საავადმყოფოდან იმპლანტით თებერვალში გაეწერა, დონორის გული კი ტრანსპლანტაციისთვის მარტში გახდა ხელმისაწვდომი.
"ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამისთვის და უზომოდ ვამაყობთ, რომ ვიყავით პირველი გუნდი ავსტრალიაში, რომელმაც ეს პროცედურა ჩაატარა", - განაცხადა იანსზმა.