აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში, „დიეგო გარსიას ავიაბაზაზე“ სტელსის სისტემის ოთხი „ბი-2“-ის ტიპის ბომბდამშენი განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის არსენალში არსებული „ბი-2“-ის ტიპის ბომბდამშენების მეოთხედი ახლა ინდოეთის ოკეანეში მდებარე ბაზაზეა განთავსებული. აღნიშნული ტიპის ბომბდამშენებს ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.
გასულ წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, „ბი-2“-ის ბომბდამშენები კონვენციური იარაღით იემენელი შიიტი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ გამოიყენეს.
„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ „დიეგო გარსიას ბაზაზე“ სამხედრო თვითმფრინავების განთავსებით, აშშ თავს არიდებს ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეების ბაზების გამოყენებას.
მედიის ცნობით, აშშ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სამხედრო თვითმფრინავებს ამ ბაზიდან შეუძლიათ იემენზე და ირანზე შეტევების განხორციელება. იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმები აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენიდან“ განხორციელდა, რომელიც წითელ ზღვაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ამერიკის თავდაცვის უწყება გეგმავს, რომ ახლო აღმოსავლეთში აზიიდან დამატებთ ავიამზიდი „კარლ უინსონი“ გადაიყვანოს.
წყარო: 1 არხი