Apple-მა ახალი პროდუქტი წარადგინა — კომპანიის ისტორიაში პირველი დასაკეცი iPhone, სახელად iPhone Duo. მოწყობილობის პრეზენტაცია 9 სექტემბერს კუპერტინოში გამართულ ღონისძიებაზე შედგა.
iPhone Duo ტრადიციული დასაკეცი სმარტფონებისგან განსხვავებული, შედარებით განიერი დიზაინით გამოირჩევა. Apple-ის ინფორმაციით, დაკეცილი მოწყობილობა დაახლოებით პასპორტის ზომისაა, გაშლის შემდეგ კი მომხმარებელს კომპანიის მიერ iPhone-ში გამოყენებულ ყველაზე დიდ ეკრანს სთავაზობს.
სრულად გაშლილ მდგომარეობაში სმარტფონს 7.6-დუიმიანი Retina ეკრანი აქვს, ხოლო გარე ეკრანის დიაგონალი 5.4 ინჩია. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ რეჟიმში.
Apple-ის განცხადებით, შიდა ეკრანში კამერა პირდაპირ ეკრანის ქვეშაა განთავსებული, რის გამოც მისი შემჩნევა რთულია. ასევე, კომპანიის თქმით, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით დასაკეც ადგილას ნაკეცი პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ზედაპირზე ნანოტექსტურის მქონე საფარი გამოიყენეს, რომელიც ნაკეცის ვიზუალურ ეფექტს და ეკრანის ბზინვარებას ამცირებს.

ბიომეტრიული ავთენტიფიკაციისთვის iPhone Duo-ს Touch ID აქვს, ხოლო Face ID მხარდაჭერილი არ არის. Apple-ის ჭკვიანი საათის გამოყენებით მოწყობილობის განბლოკვაც იქნება შესაძლებელი.
ახალი iPhone აღჭურვილია A20 Pro პროცესორითა და C2 მოდემით, რომელიც მონაცემების უფრო სწრაფად გადაცემასა და ფაილების ატვირთვას უზრუნველყოფს. iPhone Air-ის მსგავსად, iPhone Duo-ს მხოლოდ eSIM ექნება და ფიზიკური SIM ბარათის სლოტი არ ექნება.
Apple-ის მონაცემებით, ბატარეა შიდა ეკრანის გამოყენებისას ვიდეოს უწყვეტად 31 საათამდე, გარე ეკრანის შემთხვევაში კი 44 საათამდე დაკვრის საშუალებას იძლევა.
კამერის სისტემაში ორი 48-მეგაპიქსელიანი მოდულია — მთავარი და ულტრაფართოკუთხოვანი. სისტემა ასევე უზრუნველყოფს 2x გადიდებას, თუმცა მოწყობილობას ცალკე ტელეფოტოკამერა არ აქვს.
დასაკეცი ფორმატის გათვალისწინებით, მომხმარებელს სელფების გადაღება უკანა კამერითაც შეეძლება და კადრის წინასწარ ნახვას გარე ეკრანზე შეძლებს. კამერას აქვს სპეციალური ჭკვიანი გადაღების ფუნქციაც, რომელიც ფოტოს ავტომატურად იღებს მას შემდეგ, რაც კადრში მყოფი ადამიანები პოზირებას დაასრულებენ.

ახალ მოწყობილობაზე მორგებულია iOS 27-ის ინტერფეისიც. დასაკეცი ეკრანის ფორმატის შესაბამისად, გარკვეული მართვის ელემენტები, მათ შორის Wi-Fi-ის კონტროლი, მოწყობილობის ვერტიკალურად გამოყენებისას ეკრანზე შესაბამის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
iPhone Duo ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა. მაგალითად, გაშლილ ეკრანზე შესაძლებელია ვიდეოს ერთ ნაწილში გაშვება, ხოლო მეორე ნაწილში სხვა აპლიკაციის გამოყენება.

მოწყობილობის კიდევ ერთი ფუნქციაა მისი ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაში გამოყენება. iPhone Duo-ს მაგიდაზე დამოუკიდებლად მოთავსებაც შეიძლება, რაც მას ვიდეოზარებისა და სხვა კონტენტისთვის პრაქტიკულ მოწყობილობად აქცევს.
ახალი დასაკეცი iPhone Apple Pencil-ის მხარდაჭერასაც მიიღებს.